მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეტნას ვულკანის ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეწყდა

ეტნა

ვულკან ეტნას ამოფრქვევისა და ცაში ფერფლის დაახლოებით ოთხკილომეტრიანი ღრუბლის ატყორცნის გამო, კატანიის ფონტანაროსას აეროპორტმა სამშაბათს საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

"ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის გაფრქვევის გამო, B3 და C1 სექტორების დახურვა გახანგრძლივდა, რის გამოც ფრენების შეჩერების რეჟიმი 22:00 საათამდე დარჩება ძალაში", - განაცხადა აეროპორტის ოპერატორმა კომპანია SAC-მა სამშაბათს.

მგზავრებს, რომლებიც კატანიაში მიფრინავენ ან ქალაქიდან გამგზავრებას გეგმავენ, აეროპორტში წასვლამდე ავიაკომპანიებთან ფრენის სტატუსის გადამოწმებას ურჩევენ;

SAC-მა C1 საფრენი სექტორის დახურვის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INGV) ფერფლის უწყვეტი გამოფრქვევის გამო საავიაციო განგაშის დონე ნარინჯისფრიდან წითლამდე გაზარდა.

INGV-ის ბიულეტენის თანახმად, ვულკანის მწვერვალის კრატერებიდან ცვალებადი დეგაზაცია შეინიშნება, ჩრდილო-აღმოსავლეთ კრატერიდან - ფერფლის თითქმის უწყვეტი გამოფრქვევა, ფიქსირდება სუსტი სტრომბოლური აქტივობა, ხოლო "ბოკა ნუოვას" (Bocca Nuova) კრატერიდან - ფერფლის სპორადული გამოფრქვევა.

რეისები, რომლებიც კატანიაში უნდა დაფრენილიყო, რეგიონის სხვა აეროპორტებში გადამისამართდა, ძირითადად პალერმოს ფალკონე-ბორსელინოს აეროპორტში.

კატანია იტალიის რიგით მეხუთე ყველაზე დატვირთული აეროპორტია, რომელიც წელიწადში 12.3 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება, ხოლო ეტნასთან მისმა სიახლოვემ საჰაერო მიმოსვლა წარსულშიც არაერთხელ შეაფერხა.

მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ვულკანურმა აქტივობამ აეროპორტის მუშაობის შეჩერება გამოიწვია: აგვისტოში მომხდარი ამოფრქვევის გამო აეროპორტის დახურვამ ათიათასობით მგზავრს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

დაახლოებით 3 400 მეტრი სიმაღლის ეტნა ევროპაში ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები