საერთაშორისო ბირჟაზე ოქროზე გაზრდილი მოთხოვნა და ფასი უკვე აისახა ადგილობრივ ბაზარზე. ბოლო 1 კვირაა ოქროს ბირჟაზე გაძვირდა როგორც ჯართი ოქროს, ისე ნაკეთობის ღირებულება. ძვირფასი ლითონების ექსპერტები BMG-თან საუბრისას აცხადებენ, რომ ჯართი ოქროს ჩაბარების ფასი 95-დან 98 ლარამდე, გასაყიდი ფასი კი 102 ლარამდე გაიზარდა.
„ჩაბარების ფასი 95-98, გასაყიდი 100-102 ლარია. ნაკეთობის ფასმაც მოიმატა, ამჟამად ფასი 125-დან 150 ლარამდეა, მაშინ როცა გასულ კვირას 115-125 ლარი იყო. რაც შეეხება მაღალი სინჯის ოქროს ფასს, აქ ღირებულება 17175 ლარიდან იწყება. ბოლო 1 კვირა, 10 დღეა რაც ფასებმა ზრდა დაიწყო,“ - განაცხადა ოქროს ექსპერტმა გულიკო მორჩილაძემ.
ოქროს ბირჟაზე აცხადებენ, რომ წლის ამ პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე ოქროზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია. ყველაზე ხშირად ქართველი მომხმარებლები საქორწინო ბეჭდებს და ნათლობის ჯვრებს ყიდულობენ. ბოლო დროს გააქტიურებულია განვადების სერვისიც.
„მოთხოვნა ამ დროს ყოველთვის მაღალია, რადგან ქორწილების პერიოდია. საქორწინო ბეჭდის ფასი გრამზე 175 ლარიდან, იტალიურ ოქროზე კი 130 ლარიდან იწყება. ქორწილების დროს ბევრი ორიენტირებულია განვადებაზე, სამეულებს, ქორწინების ბეჭდებს და ჯვრებს ხშირად ამ გზით ყიდულობენ. ჩვენი მოსახლეობა არ არის მსყიდველუნარიანი და ვუწყობთ ხელს. რაც შეეხება უცხოელებს, მათი რაოდენობა შემცირებულია, ამ ეტაპზე ნაკლებია ტურისტების რიცხვი,“ - უთხრა BMG-ის ძვირფასი ლითონების ექსპერტმა ნანა ფიფიამ.
ფასები გაიზარდა „ზარაფხანაშიც.“ როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე გასულ კვირას ამბობდა, რომ ფასი 8 ლარით გაძვირდა, მიმდინარე პერიოდში კი ზრდა დამატებით 6 ლარი იყო, შედეგად გრამი ოქროს ღირებულებამ უკვე 175 ლარს მიაღწია.