მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო 10 არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, პარტიებმა 225 მლნ ლარამდე დახარჯეს - TI

5fe6f01db47ce
თელარა გელანტია
26.12.20 12:07
919
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 26 დეკემბერს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც წარმოდგენილია მონაცემები 2008-2020 წლებში ჩატარებული არჩევნებისთვის რა თანხა დახარჯეს საარჩევნო სუბიექტებმა რეკლამაში და რამდენად დომინირებდა სახელისუფლებო პარტია ამ მიმართულებით.

როგორც bm.ge-ის „TI - საქართველოდან აცნობეს“, კვლევის ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება:

• 2008-2020 წლებში ჩატარებული 10 არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჯამში 225 მლნ ლარამდე დახარჯეს, საიდანაც 134 მლნ ლარი (59%) პოლიტიკური რეკლამის ხარჯი იყო, რაც მოიცავს რეკლამის წარმოებას, განთავსებასა და გავრცელებას.

• ყველაზე მეტს რეკლამაში მმართველი პარტიის სუბიექტები ან მათი მხარდაჭერილი კანდიდატები ხარჯავენ, რაც 2008-2020 წლებში 98 მლნ-მდე ლარს შეადგენს. ეს პოლიტიკური სუბიექტების მიერ რეკლამაში ჯამურად დახარჯული თანხის 73%-ია.

• სარეკლამო ხარჯებიდან პოლიტიკური სუბიექტები ყველაზე მეტს სატელევიზიო რეკლამაში ხარჯავენ. 2008-2020 წლებში ეს ხარჯი 79 მლნ ლარზე მეტი (რეკლამისთვის დახარჯული თანხის 59%) იყო.

• საარჩევნოდ რეკლამისთვის ყველაზე მეტი - 29.1 მლნ ლარი, 2020 წლის პარლამენტის, ხოლო ყველაზე ცოტა - 3.8 მლნ ლარი, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებში დაიხარჯა.

• წინასაარჩევნო რეკლამებიდან ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინტერნეტრეკლამის ხარჯია - 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, 50 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა 800 ათას ლარს გადააჭარბა, ხოლო 2020 წელს - 3 მლნ ლარს. ყველაზე ნაკლები კი ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამის ხარჯია - 2012-2020 წლებში ჯამში 1 მლნ ლარამდე.

• პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო დეკლარაციები ხარვეზებით არის შევსებული, განსაკუთრებით 2008-2011 წლებში; ხშირად რთული ან პრაქტიკულად შეუძლებელია ცალკეული მონაცემების დამუშავება. მართალია, 2012-2020 წლებში დეკლარაციის ფორმები და შევსების სტანდარტიც შედარებით დაიხვეწა, თუმცა კვლავ ხშირად ვხვდებით არაერთგვაროვნად შევსებულ დეკლარაციებს, რაც მონაცემების ანალიზს ართულებს.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები