მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბოლო 10 წლის განმავლობაში ზღვისპირეთს ასეთი შემცირებული აქტივობა არ ახსოვს” - ხათუნა ლაგაზიძე

64b550ca8ac72
ნანუკა ნარიმანიძე
14.07.23 09:00
17886
ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნიდან დღემდე ზღვისპირეთში უამინდობაა. შეიძლება ითქვას, რომ პანიკას, რომელიც კახოვკის კაშხლის აფეთქებამ გამოიწვია, ემატება წვიმები, რის გამოც ტურისტების რიცხვი რეგიონში მოლოდინებთან შედარებით ნაკლებია. ბათუმი მეტ-ნაკლებად გამოწვევებს უმკლავდება, სხვა საკურორტო ქალაქებში კი ამბობენ, რომ სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი 20%-ს არ სცდება, მოთხოვნა კი ბიუჯეტურ ნომრებზეა. შავიზღვისპირეთში არსებულ ტენდენციებზე და გამოწვევებზე სასტუმრო Kolkhida Resort & Spa-ს დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

“თუ ჯავშნების მიხედვით ვიმსჯელებთ, ივლისის დარჩენილი ნახევრისა და აგვისტოს მოლოდინები დიდად სახარბიელო არ არის. შარშანდელი წელი გადაჭარბებული მოლოდინების შექმნის საშუალებას იძლეოდა, სწორედ ამიტომ, მეწარმეთა უმრავლესობამ საბანკო კრედიტები აიღო, დღევანდელი მოცემულობით კი, კერძო ბიზნესები საბიუჯეტო ხარჯის გადახდას ვერ შეძლებს, ისევე როგორც საბანკო კრედიტების გადახდას. ამ წელს გვიწევს სახელფასო, საბიუჯეტო და საკრედიტო დავალიანებას ავუვიდეთ და მინიმალურ მარჟაზე გვიწევს მუშაობა, მოგებაზე საუბარი ზედმეტია”, - აღნიშნა მან.

ამასთან, ხათუნა ლაგაზიძემ გაუქმებულ ჯავშნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, შუა აზიიდან ზარები, ფაქტობრივად, შეწყდა.

“ჯავშნების 70% ქართველების იყო, დანარჩენ 30%-ს მეზობელი ქვეყნებისა და უპირატესად შუა აზიის სტუმრები შეადგენდნენ, თუმცა, კაშხლის აფეთქების შემდეგ, შუა აზიიდან ზარები, ფაქტობრივად, შეწყდა. შავიზღვისპირეთში არსებული მაღაზიების, რესტორნებისა თუ სასტუმროების მფლობელები იტყვიან, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ასეთი შემცირებულიო აქტივობა შავიზღვისპირეთს არ ახსოვს”, - დასძინა მან.

კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე საუბროსას, ხათუნა ლაგაზიძემ აღნიშნა, რომ შავ ზღვასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქტიურად ვრცელდება და ამ მხრივ აუცილებელია ხელისუფლების ჩართვა.

“ჩვენ გვაქვს კონტაქტი სპეციალისტებთან და მათი დასაბუთებული არგუმენტებით შემიძლია განვაცხადო, რომ შავი ზღვის სანაპირო საქართველოში სუფთაა, თუმცა დეზინფორმაცია ქაოსურად ვრცელდება და ამას მხოლოდ კერძო ბიზნესის განცხადება არ ეყოფა, ეს არ არის მხოლოდ კერძო სექტორის პრობლემა, ეს აისახება შავიზღვისპირეთში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეზე, ამიტომ ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და აწარმოოს მასშტაბური და აქტიური საინფორმაციო კამპანია შავი ზღვის სისუფთავის მტკიცებულებებზე დაყრდნობით”, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები