მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 3 დღეში ხილულ გამონაბოლქვზე 82 ავტომობილი დაჯარიმდა

გამონაბოლქვი

4 სექტემბრიდან  გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ოთხი ქალაქის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხელოვნური გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელება დაიწყო. თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 10 ეკიპაჟი უწყვეტ რეჟიმში გადაადგილდება ქუჩებში. დაჯარიმების შესახებ სტატისტიკაზე „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირაში” სტუმრობისას ისაუბრა. 

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მიმდინარე 3 დღის განმავლობაში ჯამში 82 მანქანა დაჯარიმდა, აქედან, 42 ავტომობილი თბილისში, 17 ავტომობილი ქუთაისში, 17 - ბათუმში, ხოლო 6 ავტომობილი - რუსთავში. გიორგი ჯაფარიძის თქმით, სტატისტიკა მზარდია და დაჯარიმების პროცესები დღითი დღე იზრდება.

სტატისტიკაზე საუბრისას, „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ავტომობილებისა და ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა.

“ამჯერად, 4 ქალაქში 10 მანქანა გადაადგილდება, აქედან 5 თბილისში, ხოლო დანარჩენი მანქანები ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავშია განაწილებული.  იქითა წლიდან მოვითხოვთ, რომ გაიზარდოს იმ ავტომობილების რაოდენობა, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, 10 - არ არის საკმარისი. ამასთან, აუცილებელია არეალის გაზრდაც. საქართველო მასშტაბით 100 ან მეტი ავტომობილია საჭირო, რათა დავყოთ მოვიცვათ ყველა რეგიონი”, - დასძინა მან.

გიორგი ჯაფარიძის თქმით, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება არაქართულნომრიან სატვირთო მანქანებს, სატრანზიტო და დიზელის ავტომობილებს.

“კანონი უნდა იყოს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც საქართველოში გადაადგილდება”, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები