გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის სამსახურმა, 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის ოთხ ქალაქში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 779 ფაქტი გამოავლინა.
უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევების უმეტესობა დედაქალაქში აღირიცხა. ქალაქების მიხედვით სტატისტიკა შემდეგნაირად გადანაწილდა:
- თბილისი - 446 ფაქტი;
- ქუთაისი - 150 ფაქტი;
- ბათუმი - 141 ფაქტი;
- რუსთავი - 42 ფაქტი.
გამოვლენილი დარღვევებიდან 684 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, ხოლო 95 შემთხვევაში იურიდიული პირები დაჯარიმდნენ.
სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, დაჯარიმდა 471 მსუბუქი ავტომობილის, 290 მიკროავტობუსისა და 18 სატვირთო ავტომობილის მძღოლი/მფლობელი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 10 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის სულ 7 635 ფაქტია გამოვლენილი.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები გზებზე მოძრავი ტრანსპორტის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ახალი ჰიბრიდული ავტომობილები, თანამშრომლები აღიჭურვნენ შესაბამისი გამზომი აპარატურით და პერიოდულად გადიან გადამზადებას, რამაც კონტროლის არეალი და ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
























