მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 5 წელიწადში მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის საშუალო წლიური ზრდა 8.6% იყო - ბექაური

6494222a0033f
BM.GE
22.06.23 14:27
505
კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, კახა ბექაურმა პარლამენტში ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციებზე, მათ შორის, მობილური ინტერნეტის მოხმარებაზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, გასულ წელს, მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 4.1 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით, 350 ათასი აბონენტით მეტია და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 5 წელიწადში, მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის საშუალო წლიური ზრდა 8.6% იყო.

სიტყვით გამოსვლისას, ComCom-ის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ 2022 წელს, მთლიანი მობილური ინტერნეტ მოხმარების 94% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით, 3%-ით მეტია.

ამასთან, მისი თქმით, გასულ წელს, ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,469 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით, 200 მილიონი ლარით მეტია. ტენდენციების განხილვისას, თავმჯდომარემ მობილური აბონენტების რაოდენობასა და შემოსავლებზეც გაამახვილა ყურადღება.

“2022 წელს, მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 5.84 მილიონი შეადგინა, საიდანაც იურიდიული პირი აბონენტი - 1.38 მილიონი, ხოლო ფიზიკური პირი აბონენტი - 4.46 მილიონი იყო” - განაცხადა მან და დაამატა, რომ საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია მაღალია და 170%-ს შეადგენს.

კახა ბექაურის თქმით, 2022 წელს, აბონენტების რაოდენობის მიხედვით, საბაზრო წილის 42% - მაგთიკომს, 33% - სილქნეტს, 25% კი, ბილაინს ეკუთვნოდა, ხოლო საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი (ARPU) 11.8 ლარს შეადგენდა. კერძოდ კი, ARPU-ს მაჩვენებელი მაგთიკომისთვის 14.1 ლარი, სილქნეტისთვის - 12.1 ლარი და ბილაინისთვის - 7.7 ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები