მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ათწლეულში ემიგრანტების რაოდენობა 59%-ით გაიზარდა - რა გავლენა აქვს მიგრაციას ეკონომიკურ კეთილდღეობაზე?

მიგრაცია
05.09.24 15:59
2196

მექსიკის გავლით აშშ-ში მოხვედრა საქართველოდან შრომითი მიგრაციის ახალი და ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებით სახიფათო, ხანგრძლივი და ძვირია. ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სამუშაო ძალაზე მიგრაციის ზეგავლენის აფასებს.

სტატიის თანახმად, საქართველოდან არარეგულარული შრომითი მიგრაცია უკვე ათწლეულებია შეუქცევად პროცესად იქცა. ემიგრაციის ძირითადი მიზეზები კი უცვლელია: უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, გაზრდილი ფასები და ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

"UN DESA-ს უახლესი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან ემიგრანტების საერთო რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია და რომლის 51 პროცენტიც არის ქალი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით კი, 2023 წლისთვის, ემიგრანტების საერთო რაოდენობამ 245 064 შეადგინა (44% ქალი), სადაც 163 480 ადამიანი იყო საქართველოს მოქალაქე. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო ათწლეულში 59%-ით გაიზარდა ემიგრანტების რაოდენობა",- აღნიშნულია სტატიაში.

ეკონომიკური გავლენის მიმართულებით, სტატიის ავტორი ყურადღებას ფულად გზავნილებზე ამახვილებს, რომლის დიდი ნაწილი იხარჯება საბაზისო საჭიროებებზე. სტატიის თანახმად, კვლევები აჩვენებს, რომ ფულადი გზავნილები, შესაძლოა, უარყოფითად მოქმედებს ემიგრანტების ოჯახის წევრების დასაქმების მოტივაციაზე.

"ოჯახები თაობათა ცვლის პროცესშიც რჩებიან ფულად გზავნილებზე დამოკიდებულნი, რაც ახანგრძლივებს მათ ემიგრაციაში ყოფნას და ზღუდავს დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას სამომავლო ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მდგრადობისთვის",- აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობა, რამდენადაც ის ამცირებს უფლებების დარღვევის რისკებს, თუმცა შეუძლებელია ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება სამუშაო ძალის ექსპორტს დაეფუძნოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები