საქართველოში არსებულ ვითარებაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მიმართვას ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვას BMG უცვლელად გთავაზობთ.
"მოხუცი ქალები, რომლებიც უძლებენ ყინვას და არ უშინდებიან ძალოვნების ხელკეტებს, წყლით გაჟღენთილი ახალგაზრდები, რომლებიც წყლის ჭავლს უპირისპირდებიან, არაფერი აქვთ ხელში გარდა ევროკავშირის დროშისა, ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სასტიკად არიან ნაცემები და გატაცებულები. კვირების მანძილზე ათობით ათასი ქართველი მამაცურად იბრძოდა საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის პატარა სოფლებსა თუ დიდ ქალაქებში.
ქართველების უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ ევროპისკენ სვლა განაგრძოს. ევროპა მათ გულშია, ხოლო პროევროპული პროტესტი მათი ხმაა. თუმცა "ქართული ოცნებაში" პასუხისმგებელი პირები ამას პასუხობენ დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით. ანტიევროპული კურსით "ქართული ოცნება" განზრახ ყინავს და აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ევროკავშირში ახლა უნდა განვიხილოთ ისიც, რომ ოფიციალურადაც შევაჩეროთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რაც „ქართული ოცნების“ მზარდად ავტორიტარული პოლიტიკის შედეგია.
2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაკავშირებული იყო რეფორმების დაპირებასთან. ეს ცნობილი იყო "ქართული ოცნების" პასუხისმგებელი პირებისთვის. ამის მიუხედავად, პროგრესის ნაცვლად, ვხედავთ საგანგაშო უკუსვლას: არჩევნები, რომელიც მწვავედ გააკრიტიკეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა; არაზომიერი ძალადობა დემონსტრანტებზე; ე.წ. „გამჭვირვალობის კანონი“ და ლგბტ პირების უფლებების შეზღუდვა. ასე ფლანგავს „ქართული ოცნება“ ისტორიულ შესაძლებლობას, რაც ევროკავშირმა ქვეყანას შესთავაზა.
ბოლო კვირებსა თუ თვეებში პარტია "ქართულმა ოცნებამ" უფრო და უფრო დააშორა ქვეყანა ევროპას. ამან სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს ათწლეულების მანძილზე განმტკიცებული პარტნიორობა გერმანიასთან. შედეგად, შევამცირეთ თანამშრომლობა ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ მხარდამჭერი პროექტები, რომელთა საერთო ღირებულება 200 მილიონ ევროს აღემატება. ამას გარდა, ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ დამატებით ზომებს, რაც მოიცავს ნაბიჯებს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებიდან მიზნობრივ სანქციებამდე.
ბურთი ახლა "ქართული ოცნების" პასუხისმგებელი პირების მოედანზეა. ახლა მათზეა დამოკიდებული გააკეთებენ თუ არა ყველაფერს, რომ დასრულდეს ღრმა პოლიტიკური კრიზისი, დაიბრუნონ ნდობა და შესთავაზონ ქართველ ხალხს რეალური პერსპექტივა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნება და რაც ყველაზე მთავარია, კარგი მომავალი ქართველებისთვის", - წერს ბერბოკი.