12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ უნგრეთში ოპოზიცია იმარჯვებს. მიმდინარე კვირაში კვლევითი სააგენტო Median-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უნგრეთის ოპოზიციური პარტია "ტისა" შესაძლოა პარლამენტში ორი მესამედით მოვიდეს.
როგორც Reuters წერს, ეს ოპოზიციას საშუალებას მისცემს, შეცვალოს კონსტიტუცია და ის საკვანძო კანონები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსების მისაღებად.
კერძოდ, Median-ის მიერ თებერვლის ბოლოსა და მარტში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, პროგნოზირებენ, რომ „ტისა“ 199-წევრიან პარლამენტში 138-დან 142-მდე მანდატს მოიპოვებს.
ამავე პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ „ფიდესი“ [Fidesz] 49-დან 55-მდე ადგილს მიიღებს, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტია „ჩვენი სამშობლო“ 5 ან 6 მანდატს დასჯერდება.
ეს ნიშნავს, რომ 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც 2010 წლიდან ხელისუფლებაშია, შესაძლოა, ძალაუფლება დაკარგოს. ორბანს, რომელიც ბრიუსელის მთავარი კრიტიკოსია და ბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ან მხარდაჭერის სანაცვლოდ ევროკავშირისგან გარკვეულ დათმობებს იღებს, კარგი ურთიერთობა აქვს როგორც აშშ-ის, ისე რუსეთის პრეზიდენტებთან.
საერთაშორისო მედიის შეფასებით, 2010 წლიდან მოყოლებული ოთხი არჩევნების შემდეგ, წელს დაგეგმილი არჩევნები ყველაზე დიდი გამოწვევაა უნგრეთის 62 წლის ნაციონალისტი ლიდერისთვის.
მიმდინარე კვირაში უნგრეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთში ჩავიდა და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კიდევ ერთხელ გამოუცხადა ორბანს მხარდაჭერა. ამის მიუხედავად, ჯეი დი ვენსი ირწმუნება, რომ აშშ უნგრეთის არჩევნებში არ ერევა, სამაგიეროდ ევროკავშირი უნგრეთიდანაც გააკრიტიკა, მათ შორის ბრალი დასდო არჩევნებში ჩარევაში.
„მინდოდა ეს ყველასთვის სიგნალი ყოფილიყო განსაკუთრებით ბრიუსელში მყოფი ბიუროკრატებისთვის, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს უნგრეთის ხალხის დასათრგუნად, რადგან არ მოსწონთ ლიდერი, რომელიც რეალურად უნგრელ ხალხს იცავდა“, - განაცხადა ბუდაპეშტში მყოფმა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ბრალდებებს გერმანიის მთავრობამ უპასუხა და უარყო მტკიცება, თითქოს ევროკავშირი უნგრეთის არჩევნებში ერევა. მთავრობის პრესსპიკერის თქმით, ფაქტი, რომ ჯეი დი ვენსი უნგრეთში იმყოფებოდა "უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ ვინ რაში ერევა“.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ამ ბრალდებებზე კომენტირებას ერიდებოდნენ, გაერთიანების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დიპლომატიურ არხებს გამოიყენებს ვაშინგტონისთვის საკუთარი პოზიციის გადასაცემად.
ვენსმა არჩევნებში ჩარევაში ევროკავშირთან ერთად უკრაინაც დაადანაშაულა და თქვა, რომ „უკრაინის სადაზვერვო სამსახურების გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ როგორც ამერიკის, ისე უნგრეთის არჩევნების შედეგებზე. ეს მათი ჩვეული სტილია“.
ვენსის ვიზიტის წინა დღეს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, პეტერ მადიარმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა ნუ ჩაერევიან უნგრეთის არჩევნებში.
მან განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ არცერთ ქვეყანას უნგრეთის არჩევნებში ჩარევის უფლება არ აქვს. "ეს ჩვენი ქვეყანაა, უნგრეთის ისტორია არც ვაშინგტონში, არც მოსკოვში და არც ბრიუსელში არ იწერება - ის უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე იწერება".
თავის მხრივ ორბანი ირწმუნება, რომ უნგრეთსა და აშშ-ის ურთიერთობებს შორის "ოქროს ხანა" ტრამპის არჩევის შემდეგ დაიწყო. მიმდინარე წლის დასაწყისში ორბანი პირადად ჩავიდა აშშ-ში და დაარწმუნა ტრამპი უნგრეთზე არ გავრცელებული რუსული ენერგორესურსებზე მაშინ მოქმედი აშშ-ის სანქციები. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, უნგრეთი კვლავ მნიშვნელოვნად დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე.




























