მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს - ირაკლი კობახიძე

პრემიერი

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა უზენაესი ღირებულებაა, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს.

"ყველას გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!

დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს.

საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. ამიტომ, მისი გაფრთხილება ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური გპირდებით, რომ ეს აუცილებლად ასეც იქნება.

საკუთარ თავს გამუდმებით უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და ის დღესაც გრძელდება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო კვლავაც გადის ბიბლიურ, 40-წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწისკენ.

აღთქმული მიწა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ორი უმთავრესი ეროვნული ოცნების ასრულებას: პირველი, ეს არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც არცერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს გაჭირვებაში; და მეორე, ეს არის ფიზიკურად და სულიერად ერთიანი საქართველო - საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს სიყვარული ერთმანეთის მიმართ.

დღევანდელ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი. სწორედ ამიტომ, მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღვივებდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო. დღესაც, მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის. თუ სიძულვილს დავამარცხებთ და სიყვარული გაგვაერთიანებს, ქართულ გენს და ნიჭს წინ ვერაფერი დაუდგება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ ქართველი ხალხის სიამაყეა საქართველოს თითოეული კუთხე, უნიკალური ენა და დამწერლობა და საქართველოს ეკლესია. ირაკლი კობახიძის თქმით, ძლიერმა ქართულმა გენმა ქვეყანას დამოუკიდებლობა დაუბრუნა, რაც საქართველოს განვითარებისა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას მყარ ნიადაგს უქმნის.

„ჩვენი სიამაყეა ჩვენი სამშობლოს თითოეული ულამაზესი კუთხე - ულამაზესი ბუნებითა და ულამაზესი ადამიანებით; ჩვენი სიამაყეა ჩვენი უნიკალური ენა და დამწერლობა; ჩვენი სიამაყეა საქართველოს დედა ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი. დღევანდელ დღეს, კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს წმინდა ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს - ილია მეორეს, რომელმაც თავისი სიბრძნითა და ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში.

„ჩვენს პატარა ქვეყანას მუდმივად უწევდა არსებობა დიდი სახელმწიფოების გზაგასაყარზე. შესაბამისად, საქართველოს და ქართველი ხალხის გზა არასოდეს ყოფილა იოლი. თუმცა ქართველებს ყოველთვის გვქონდა რწმენა, რომ ვიყავით განსაკუთრებული, ღვთისმშობლის წილხვედრი ერი და სწორედ ამ რწმენამ მოგვცა იმის ძალა, რომ უამრავი ქარტეხილის მიუხედავად, დღემდე მოგვეტანა ჩვენი ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა. ჩვენს გარშემო იმპერიები ეცემოდნენ, საქართველო კი დღემდე მყარად დგას ფეხზე ღმერთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობით.

ასეთი იყო საქართველოს ბოლო 35-წლიანი ისტორიაც. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ ოთხი ომი, საქართველოს სუვერენიტეტის 9-წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი. თუმცა თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას მყარ ნიადაგს უქმნის.

თითოეული ჩვენგანის ვალია, თავი არ დავზოგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან და ძლიერ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები