მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თსუ-ისა და სტუ-ის რექტორები თანამდებობებზე რჩებიან, თუ თავად არ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გაუქმების ფონზე, ორივე უნივერსიტეტის რექტორი საკუთარ თანამდებობებზე რჩება.

მისი თქმით, ვინაიდან უნივერსიტეტების შერწყმა და რეორგანიზაცია აღარ ხორციელდება, დროებითი მმართველობის დანიშვნის საჭიროებაც აღარ არსებობს.

ასევე მისი განმარტებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თავით გურგენიძე თანამდებობებზე რჩებიან, თუ თავად არ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას ან შესაბამისი პროცედურებით არ დადგება ცვლილების აუცილებლობა.

"გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტები რჩება რექტორებიც რჩებიან, თუ ისინი არ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას, ან თუ შესაბამისი პროცედურებით არ მიიღება სხვა გადაწყვეტილება. ამას აქვს თავისი პროცედურები, ამიტომ ვამბობ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი საერთოდ არ არის", - განაცხადა კობახიძემ.

აკადემიურ პერსონალთან დაკავშირებით კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პოზიცია არის აკადემიური პერსონალის მაქსიმალური მხარდაჭერა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები შესაბამისი პროცედურების ფარგლებში უნდა მიიღებოდეს.

„მე ამას არ ჩავუღრმავდები, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, შესაბამისი პროცედურები არსებობს ამისთვის, ამიტომ საერთოდ მოვერიდები ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას. ჩვენი დამოკიდებულება აკადემიური პერსონალის მიმართ არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მათზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით კი, ხვალიდან სამინისტროში მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით სპეციალური სამუშაო ჯგუფი დაიწყებს მუშაობას. ჯგუფის მთავარი ამოცანა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის მაქსიმალური შენარჩუნება და რესურსების სწორად გადანაწილება იქნება.

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით,ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ შეცვალა, ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ ტექნიკური პროფილის მქონე სპეციალობები დარჩება, ახალ სტუდენტებს ამ მიმართულებებზე უნივერსიტეტი აღარ მიიღებს, არსებული პროგრამები მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი მილევად რეჟიმში გადავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები