„დისკუსიას ყოველთვის აქვს თავისი დატვირთვა და ვიტყოდი, დღეს სწორედ ასეთი, ჯანსაღი მსჯელობა შედგა", - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
დღეს, 9 თებერვალს, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება. თუმცა მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად გარდაიქმნება და ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე სტუდენტებს აღარ მიიღებს.
"რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული ხედვები. ჩვენც გვქონდა ჩვენი პოზიცია და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებსაც საკუთარი სუბიექტური მოსაზრებები ჰქონდათ. თუმცა რაც მთავარია, შედგა კონსტრუქციული დიალოგი, რის საფუძველზეც შევძელით პოზიციების შეჯერება და საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა.
მინდა მადლობა გადავუხადო შეხვედრის თითოეულ მონაწილეს: აკადემიურ პერსონალს, პროფესორებსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ ისინი ჩვენთან ერთად ჩაერთნენ ამ ჯანსაღ პროცესში.
რაც შეეხება იმ საჭიროებებსა და მრავალრიცხოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზოგადად, უმაღლესი განათლების სისტემის წინაშე დგას, დღეს ვისაუბრეთ საერთაშორისო რეიტინგებზეც. ყველაზე სანდო შემფასებელი ორგანიზაციების მონაცემებით, ჩვენი უნივერსიტეტების რეიტინგი (მაგალითად, აკადემიური რეპუტაციის ნაწილში) 100-დან, როგორც წესი, 5-დან 15 ქულამდე მერყეობს.
ამ მდგომარეობას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. თავდაპირველად ეს იყო 90-იანი წლების კრიზისი, რამაც უდიდესი კვალი დაატყო განათლების სისტემას, ხოლო მოგვიანებით, 2004-დან 2012 წლამდე, სისტემაში ძალიან მძიმე და უხეში ჩარევები განხორციელდა. ამ პროცესს საფუძვლად ღრმა პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზეზები ედო. ეს მიდგომები იყო უკიდურესად მანკიერი და მიზნად ისახავდა არა სისტემის გაჯანსაღებას, არამედ მის არასწორი მიმართულებით განვითარებას. სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის რეალობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით", - განაცხადა კობახიძემ.




























