მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბოლო ორი წლის განმავლობაში, ევროპელი ტურისტის წილი საკმაოდ შეიცვალა" - რესტორატორი

ლილესთან

იმერეთში, კერძოდ ქუთაისში მდებარე რესტორნების „ლილესთან“ და „გალას“ დამფუძნებელი ლილე მაღლაფერიძე ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სტუმრების ძირითადი ნაკადი მნიშვნელოვნად შეიცვალა და ბიზნესს ახალ რეალობასთან ადაპტაცია სჭირდება. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

მისი თქმით, წინა წლებში რესტორნებს განსაკუთრებით დიდი წილი ისრაელიდან ჰყავდათ სტუმრები. „ხუთი წელია ამ სფეროში ვარ და ისრაელიდან აქტიური ნაკადი გვყავდა, გარდა შარშანწინდელი პერიოდისა. შარშან შედარებით ნორმალური წელი იყო და ისრაელი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაინც ლიდერობდა“, - აღნიშნავს მაღლაფერიძე.

ამჟამად, მისი თქმით, რესტორნებს ძირითადად რუსული და პოლონური აუდიტორია სტუმრობს. ამის პარალელურად, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან ვიზიტორების წილი შემცირებულია. არასეზონურ პერიოდში კი ქართული აუდიტორიის მოცულობა გაზრდილია.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, ევროპელი ტურისტის წილი საკმაოდ შეიცვალა. თუ ადრე აქცენტი ქართულ გასტრონომიაზე - ღვინოზე, იმერულ ღვინოზე და საოჯახო მარნებზე კეთდებოდა, გასულ წელს ამ მიმართულებაზე მოთხოვნა შესამჩნევად შემცირდა. განსაკუთრებით საინტერესოა აზიური ბაზრებიდან მოთხოვნის თავისებურება”, - თქვა მან.

როგორც რესტორნის დამფუძნებელი ამბობს, ამ სეგმენტს სპეციფიკური, მათთვის დამახასიათებელი კერძები აინტერესებს, ხოლო ავთენტური იმერული სამზარეულო ნაკლებად იზიდავს.

„თუ ეს აუდიტორია დიდი წილით უნდა მოვიზიდოთ, მოგვიწევს გარკვეული გადაწყობა და მათზე მორგებული მენიუს შექმნა. მახსოვს, როდესაც აბუ-დაბიდან ფრენები აქტიური იყო, სპეციალური რამდენიმე კერძი შევქმენით, რომელსაც გიდები უწევდნენ რეკომენდაციას. მენიუს დაახლოებით 80% მათთვის მისაღები არ არის – ხორცის სპეციფიკიდან და სხვა დეტალებიდან გამომდინარე“, – ამბობს ის.

რაც შეეხება მოლოდინს, მაღლაფერიძე აღნიშნავს, რომ ტრადიციულად თებერვლის ბოლოდან მაისის ჩათვლით პერიოდი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა პროგნოზირება რთულია.

„ხუთი წლის სტატისტიკას ვაწარმოებ და ტენდენცია სტაბილურად ზრდადია. შარშან იყო გარკვეული ჩავარდნები გარემოებებიდან გამომდინარე. ვნახოთ, როგორი სეზონი გვექნება წელს – მეც ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას“, – აცხადებს რესტორნების „ლილესთან“ და „გალას“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები