"ბოლო თვეებში კიდევ უფრო გამიმძაფრდა სამართალდამცველის დაცვის ინსტინქტი", - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, სამართალდამცველის მიმართ ძალადობაზე საუბრისას, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.
თუმცა, მან ასევე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზეც ისაუბრა და პირობა დადო, რომ ასეთი ქმედებების პრევენცია მოხდება და მსგავსი საკითხებით უფრო მეტად დაინტერესდება.
"არის უამრავი შემთხვევა, როცა სამართალდამცველს რაღაცას აბრალებენ და უნდა დაიცვა ბოლომდე. ბოლო თვეების განმავლობაში, კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს ემოცია, როგორც ხელმძღვანელის პოზიციიდან, ჩემი თანამშრომლის და ნებისმიერი სამართალდამცველის დაცვის ინსტინქტი კიდევ უფრო მძაფრად მაქვს, მქონდა და ყოველთვის მექნება, მაგრამ, როდესაც აშკარა დანაშაულს სჩადის, ამ შემთხვევაში ისევე მკაცრი უნდა იყო, რომ ამის პრევენცია მოახდინო მეორე მხრივ, როგორც მკაცრი ხარ სხვა სამართალდამრღვევის და დამნაშავის მიმართ.
შეგვიძლია კადრები გავიხსენოთ, მათ შორის [2024 წლის მოვლენები], რომელიც ამ დღეებში გააქტუალურდა. ბევრი გვიფიქრია ამ თემებზე, ბევრი გვილაპარაკია და რომ არ დაგიმალოთ, ბევრი გვინერვიულია კიდევაც, როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი. როდესაც ჟურნალისტს, როგორიც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს - რა მნიშვნელობა აქვს, ახლა კი არ ვამბობ, ბევრჯერ მითქვამს, ზუსტად ასე მილაპარაკია, მაგრამ ახლა, ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, რომ შეიძლება ასეთი საკითხებით, უფრო მეტად დავინტერესდეთ, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე, როდესაც ჩემი კომპეტენცია მექნება და უფლებამოსილებაში შევალ, როგორც სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




























