EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრებს. ჩვენი ნაკრები ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა, რასაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა.
სასიხარულო ფაქტია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა გარკვეულ კომპონენტებში ტურნირს ულიდერა კიდეც. მაგალითად, საქართველომ დაცვაში ჩინებული სამსახური გასწია და ჩატარებულ 4 შეხვედრაში 70 ვარდნა შეასრულა, რაც ექვსით უკეთესი შედეგია მეორე ადგილოსან დანიასთან შედარებით. ასევე დაცვის წარმატებულ თამაშს უნდა მიეწეროს 169 ამოტანილი ბურთის შედეგიც, რომლითაც მეორე ადგილს ვიკავებთ და იმავე დანიას მხოლოდ ორი სათამაშო მოქმედებით ჩამოვრჩებით.
5 გატანილი გოლით ჩვენი ნაკრები მეხუთე ადგილს იკავებს და ამდენივე ბურთით ჩამორჩება გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც საშინაო ევრო პირველობაზე 10 გოლის გატანა მოახერხა.
ინდივიდუალურ დონეზე მოგებული ორთაბრძოლების რაოდენობით პირველ ადგილს გიორგი ჩაკვეტაძე იკავებს, ხოლო ჩემპიონატის თანაბომბარდირი სამი გატანილი გოლით გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას გერმანელ ჯამალ მუსიალასა და სლოვაკ ივან შრანცთან ერთად იყოფს.
თავგანწირული თამაშით დაგვამახსოვრა თავი გიორგი ქოჩორაშვილმაც, რომელიც ყველა თამაშში 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა. შედეგად გიორგიმ ჩატარებულ ოთხ თამაშში მესამე შედეგი დააფიქსირა 48,4 დაფარული კილომეტრით და მხოლოდ ინგლისელ დეკლან რაისსა (49,2კმ) და სლოვაკ სტანისლავ ლობოტკას (50კმ) ჩამორჩა.
მთლიანობაში გამორჩეული ტურნირი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ტურნირი პასიურად დაიწყო, თუმცა პორტუგალიასთან შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მთლიან ტურნირზე კი ამ დროისთვის "ნაპოლის" ქართველი შემტევი საუკეთესო დრიბლიორებს შორის მეორე ადგილზე იმყოფება. კვარაცხელია მეტოქეებს 26-ჯერ გასცდა და მხოლოდ გერმანელ ჯამალ მუსიალას ჩამორჩება, რომელმაც მეტოქეთა ფეხბურთელები 28-ჯერ ჩამოიშორა.
საქართველო ლიდერობს მეკარის მხრიდან მოგერიებული ბურთების რაოდენობითაც. გიორგი მამარდაშვილმა ოთხ თამაშში 29 დარტყმული მოიგერია და მხოლოდ 3 ბურთი დააკლდა ერთ ტურნირზე მოგერიებული ბურთების რეკორდის დასამყარებლად. ამასთან ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთთან მატჩში მამარდაშვილმა 11 ბურთი მოიგერია და მხოლოდ ერთით ჩამორჩა 2004 წელს ლატვიელი კარის დარაჯის ალეკსანდერს კოლინკოს შედეგს, რომელმაც ნიდერლანდებთან შეხვედრაში 12 ბურთი მოიგერია.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეჯიბრება, სადაც საქართველო ჩაერთვება, უეფას ერთა ლიგის ახალი გათამაშებაა, რომელიც სექტემბერში დაიწყება და მეტოქეებად ალბანეთის, ჩეხეთისა და უკრაინის ნაკრები გუნდები გვეყოლებიან.