მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bonhams-ის სააუქციონო სახლი გაიყიდა

Bonhams Sold
24.10.25 12:07
811

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

Bonhams-ი, რომელიც მსოფლიოს ოთხ ყველაზე დიდ სააუქციონო სახლს შორისაა, ოფიციალურ განცხადებაში კომპანიის გაყიდვის შესახებ იტყობინება.

“კომპანიის ზრდის შემდეგ ეტაპზე გადავდივართ, მოხარულები ვართ რომ ვიტყობინებით Bonhams-ის Pemberton Asset Management-ის მიერ შეძენის შესახებ” - ნათქვამია კომპანიის 17 ოქტომბრით დათარიღებულ ოფიციალურ განცხადებაში.

Bonhams-ი მსოფლიოში 14 სააუქციონო სივრცით ოპერირებს, სადაც 2023 წელს ჯამში თითქმის 1000 აუქციონი გამართა და წლიური 1.14 მილიარდი აშშ დოლარის მოგება ნახა. ეს კი 2022 წელთან შედარებით 14%-იანი ზრდა იყო.

Bonhams-ის სააუქციონო სახლი 2018 წელს ბრიტანული კერძო საინვესტიციო კომპანიის Epiris-ის მფლობელობაში გადავიდა, რომელიც Bonhams-ის გაყიდვას ჯერ კიდევ 2023 წელს გეგმავდა, ამ დროს, მათი შეფასებით, კომპანიის საბაზრო ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარი იყო. Pemberton Asset Management-ის მიერ კომპანიის შესყიდვის ფინანსური პირობები არ გასაჯაროებულა.

მფლობელის ცვლილებასთან ერთად ოფიციალურ განცხადებაში ნახსენებია ცვლილება ხელმძღვანელობაშიც. ჩაბი ნურიმ, რომელიც აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა და სელი ასიმონმა - Bonhams-ის კომერციულმა დირექტორმა, თანამდებობა დატოვეს. ნური თანამდებობაზე გასულ წელს დაინიშნა, ასიმონი კი კომპანიას 2023 წელს შემოუერთდა. ალექს ალეჟანი, რომელიც ამჟამად Bonhams-ის ფინანსური დირექტორია კომპანიაში წლის ბოლომდე დარჩება.

მათ ანაცვლებენ სეთ ჯონსონი აღმასრულებელი დირექტორის, ლიზ თომასი ფინანსური დირექტორის, ხოლო ჯენიფერ ბაბინგტონი - ოპერაციების დირექტორის პოსტზე. მათ ხელოვნების და ფუფუნების (Luxury) სექტორში გამოცდილება არ აქვთ, რაც სააუქციონო სახლისთვის საგრძნობი ცვლილება იქნება, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ “მათ პოზიტიური გამოცდილება აქვთ კომპანიების დიდი ცვლილებების პერიოდში მართვის და მაღალი ღირებულების მქონე კლიენტების მომსახურების სფეროში”.

Bonhams-ის მსგავსად ანალოგიური ცვლილება ვნახეთ 2024 წლის მიწურულს Sotheby’s-ის სააუქციონო სახლში, რომელმაც 25%-იანი წილი და 3 ბორდის წევრის ადგილი დათმო 1 მილიარდ აშშ დოლარიანი ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანიაში პირველად ისტორიაში მმართველი ბორდის არცერთი წევრი ხელოვნების სფეროში გამოცდილების მქონე არ არის. საინტერესო იქნება ვნახოთ თუ რა ცვლილებებს მოიტანს სააუქციონო სახლისთვის Pemberton Asset Management-ი და რამდენად წარმატებული იქნება მომავალი სეზონი უკვე ახალი მენეჯმენტის ოპერირების ქვეშ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები