ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წევრ სახელმწიფოებს წარუდგინოს თავისი შეფასება საარჩევნო დარღვევების შესახებ – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკავშირის მიერ საქართველოში მისიის გაგზავნის შესახებ დამატებით დასმულ კითხვაზე, ბორელმა აღნიშნა, რომ მისია იქნება ტექნიკური ხასიათის.
„როგორც უკვე ვთქვი საქართველოში მისიის გაგზავნას ვაპირებთ, პოლიტიკური მისიის, რათა მომხდარი მოვლენები შევისწავლოთ. ჩვენ შევაჩერეთ მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდიდან, ქართული შეიარაღებული ძალების, ასევე, საქართველოს მთავრობისთვის 120 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა შევაჩერეთ, რომელიც პირდაპირ საქართველოს მთავრობისთვის იყო გამოყოფილი, ახლა კი იმ პროგრამებისთვის გამოიყოფა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს. ყველა დარღვევას შევისწავლით და ოდირის საარჩევნო დელეგაციის ლიდერს მოვიწვევთ, რათა ახსნას თუ რა ხდება.
შეაფასებს რა მოხდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის სამართლიანობაც ეჭვქვეშ დგას, თავად პრეზიდენტის მიერ. არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლია, გასაანალიზებელია და ტექნიკური მისიის ამოცანაც ეს არის. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოწვეულია, მასზე უკეთ არავის შეუძლია თქვას რა მოხდა ადგილზე. ასე რომ, სიტუაციას შევისწავლით, ყველა ბრალდებას გადავხედავთ, ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს და ყველა გარემოებას ნათელი უნდა მოვფინოთ, მაგრამ მისიის შედეგს წინასწარ ვერ ვიტყვი“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.