მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის Boring Company 16 კილომეტრის სიგრძის გვირაბის ასაშენებლად ემზადება.
ექსკლუზიურად Tesla-ს ავტომობილებისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა მარშრუტი ტენესის შტატის დედაქალაქის, ნეშვილის ცენტრალურ ნაწილს აეროპორტთან დააკავშირებს.
მასკის მიზანი Tesla-ს მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნა და საცობებში საათობრივად დგომისგან მათი ხსნაა. ტენესის შტატის სარეგულაციო ორგანოს მიერ თანხმობის მიღების შემდეგ მილიარდერის კომპანია მშენებლობას შეუდგება. სავარაუდოდ, გვირაბის პირველი ნაწილი 2026 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ ლას-ვეგასის შემდეგ ნეშვილში დაგეგმილი პროექტი Boring Company-სთვის რიგით მეორე მსგავსი მოცულობის პროექტია. მასკმა ნაბიჯის გადადგმა მრავალწლიანი დაკვირვებისა და დადებითი შედეგების მიღების შემდეგ გადაწყვიტა. ცნობისთვის, 2021 წლიდან დღემდე ლას-ვეგასში მდებარე “Loop”-მა 3 მილიონი მგზავრი გაატარა. შტატების უსაფრთხოების დეპარტამენტმა კი გვირაბების უსაფრთხოება 99.57%-იანი მაჩვენებლით შეაფასა.
აქვე უნდა ითქვას, რომ მასკი პოლიტიკურ მემკვიდრეობას ვერც ნეშვილში გაექცა. გვირაბის პროექტის წარდგენის ღონისძიებას ქალაქის დემოკრატი მერი ფრედ ო’კონელი არ დაესწრო და ინიციატივის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა.




























