მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ბორჯომი“ აშშ-ს ბაზარზე ახალი მასშტაბითა და დიდი გეგმებით შედის

ბორჯომი
11.06.26 11:51
173

პირველი ქართული მინერალური წყალი - „ბორჯომი“ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბაზარზე მასშტაბური გეგმით შედის. ამიერიდან ბრენდი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის პრემიალურ ქსელურ მარკეტებში და მთელი ამერიკის მასშტაბით, Amazon-ზე იქნება წარმოდგენილი.

აშშ-ის ბაზარზე „ბორჯომის“ პორტფელის შემადგენლობაში, 135-წლიანი ისტორიის მქონე პირველ ქართულ მინერალურ წყალ - „ბორჯომთან“ ერთად, წარმოდგენილია ნატურალური ხილის არომატებით გამდიდრებული გაზიანი მინერალური წყალი - „ბორჯომი არომატი“ და 100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი - „ლიმონათი ბორჯომისგან“.

ამერიკაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, სწორედ ამიტომ, „ბორჯომი“ ამ ტერიტორიაზე საქართველოსგან განსხვავებული სტრატეგიით შედის. ბრენდის ახალი პლატფორმა — For People With Guts აძლიერებს „ბორჯომის“ პოზიციონირებას ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით. ამ მიდგომით, ბრენდი ბუნებრივად უკავშირებს საკუთარ უნიკალურ თვისებებს ყოველდღიურ ცხოვრებას, თანამედროვე კულტურასა და მომხმარებლის რეალურ გამოცდილებას. „ბორჯომი“ ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ ბაზარზე, კამპანიაში იყენებს ჰიპ-ჰოპისა და ცეკვის კულტურას, რითაც ფუნქციური მინერალური წყლის სარგებელს თანამედროვე, ენერგიულ და ყოველდღიურ გამოცდილებად აქცევს.

ივანე მაჭავარიანი, IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი:

„ამერიკის შეერთებული შტატები „ბორჯომისთვის“ სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. ეს სივრცე ღიაა ინოვაციების მიმართ, აქ იქმნება მომხმარებლის ტენდენციები და შემდეგ გლობალურად ვრცელდება. კომპანიის მიზანი მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე ზრდა არ არის, ჩვენ ვქმნით ძლიერ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც „ბორჯომის“ გლობალურ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს. ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ბაზარს „ბორჯომთან“ ერთად საქართველოც გავაცნოთ - ქვეყანა თავისი უნიკალური კულტურით, ისტორიითა და მრავალწლიანი ტრადიციებით. გვინდა, რომ „ბორჯომი“ საერთაშორისო აუდიტორიისთვის არა მხოლოდ პრემიუმ მინერალური წყალი, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლო იყოს. უნიკალური ბუნებრივი მინერალური შემადგენლობისა და ძლიერი მემკვიდრეობის საფუძველზე კი გვჯერა, რომ „ბორჯომი“ ფუნქციური სასმელების მზარდ კატეგორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.“

ვახტანგ ანთაძე, IDS ბორჯომის მარკეტინგის დირექტორი:

„აშშ საერთაშორისო ბრენდის შესაქმნელად საუკეთესო ბაზარია. For People With Guts - მხოლოდ კამპანია არ არის, ეს გრძელვადიანი ბრენდ პლატფორმაა, რომელიც „ბორჯომს“ Gut Health-ის სივრცეში თანამედროვე და კულტურულად აქტუალურ პოზიციონირებას აძლევს. დღეს ამ თემაზე ბევრი ბრენდი ირიბად ან ზედმეტად ტექნიკური ენით საუბრობს. ჩვენი მიზანია Gut Health მომხმარებლისთვის უფრო მარტივი, ახლობელი და ბუნებრივი გავხადოთ, სწორედ ამიტომ, ვიპოვეთ კულტურულად რელევანტური გზა. მომხმარებელს „ბორჯომს“ ვაცნობთ, პირველ რიგში მისი ბუნებრივი უნიკალური შემადგენლობით, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის (Gut Health-სთვის), ხოლო ჰიპ-ჰოპ მუსიკისა და ცეკვის ელემენტების გამოყენებით მათ ვუზიარებთ იმ მომენტებს, რომლითაც უკეთ გაიგებენ, გამოცდიან და ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნებრივად შეიგრძნობენ „ბორჯომის“ მინერალებს.”

კამპანიაზე იმუშავა ამერიკულმა სააგენტო Odysseus Arms-მა, რომელმაც სრულად უხელმძღვანელა კრეატიულ პლატფორმას, შესრულებასა და გადაღების წარმოებას. ხოლო კამპანიის გზავნილი — For People With Guts, შეიქმნა M&C Saatchi USA-თან პარტნიორობით.

ამერიკის ბაზარზე, „ბორჯომის“ კამპანია უკვე ჩაეშვა. გულწრფელი კომუნიკაციითა და ფუნქციურ ღირებულებაზე აქცენტით, ბრენდი კატეგორიაში ახალ სტანდარტს ქმნის, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიას და „ბორჯომის“ პოზიციებს გლობალურად პრემიუმ სასმელების ბაზარზე კიდევ უფრო გააძლიერებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები