მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბორჯომის" მფლობელ კომპანიას შემოსავალი $436 მილიონამდე გაეზარდა

ბორჯომი

ბორჯომის ჰოლდინგის მფლობელმა კომპანიამ 2023 ფინანსური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯგუფმა შემოსავალი 21 მილიონი დოლარით, 436 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამასთან, გასულ წელს კომპანია რუსეთის სანქცირების შემდეგ პირველად გავიდა მოგებაზე, რამაც 85.6 მილიონი დოლარი შეადგინა.

Borjomi-ის მინერალური წყალი საერთაშორისო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის, რომლის საბოლოო მაკონტროლებელიც კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Rissa Investments Limited-ია. ჯგუფი აწარმოებს ბორჯომის, ლიკანის, ბაკურიანის, სვიატოი ისტოჩნიკისა და მორშინსკის მტკნარ და მინერალურ წყლებს.

რუსული ფინანსური მარეგულირებლისთვის Rissa Investments Limited-ის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში მისი შემოსავლების მთავარი წყარო რუსეთის ფედერაციის გაყიდვები იყო, რამაც 300.7 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა საქართველო 34.8 მილიონი დოლარის გაყიდვებით, მესამეზე ყაზახეთი $33.5 მილიონით, ბელარუსი $19.2 მილიონით მეოთხეზე, უკრაინა კი მეხუთე პოზიციაზე 13.9 მილიონი დოლარით.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე ჯგუფის საკონტროლო პაკეტის მფლობელები სანქცირებული ოლიგარქების - მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის "ალფა ჯგუფი" იყო, აღნიშნულის გამო, სანქციები გავრცელდა თავად Rissa Investments Limited-ზეც, რის გამოც საქართველოში კომპანიის საქმიანობა შეფერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბრენდის გადარჩენის მიზნით უსასყიდლოდ შეესყიდა ჯგუფის აქციათა 7.73%-იანი წილი. ამასთან, ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დაინიშნა.

შედეგად, ჯგუფის აქციათა წილები ასე გადანაწილდა:

● Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი - “ალფა ჯგუფი”) - 49.99%
● Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
● საქართველოს სახელმწიფო - 7.73%
● “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%

საქართველოს მიერ კომპანიის სააქციო შემადგენლობაში მონაწილეობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბორჯომის წმინდა მოგებიდან დივიდენდების მიღება, თუმცა უცნობია როდის მოხდება აღნიშნული დივიდენდების განაწილება. BMG-იმ აღნიშნულის შესახებ კითხვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა.

ბორჯომის ჰოლდინგის მთლიანი აქტივები 410 მილიონი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები