ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"ცეცხლის ქრობის პროცესში, დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მონაწილეობდა. მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ხანძრის ქრობის პროცესში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.