ძლიერი წვიმის შედეგად დაწყებულ მეწყერს და წყალდიდობას ბოსნია-ჰერცეგოვინაში 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულ პირებს კი ამ დრომდე ეძებს მოხალისეთა ჯგუფი - ამის შესახებ Euronews ადგილობრივ უწყებებზე დაყრდნობით იტყობინება.
ბოსნიის თავდაცვის მინისტრი, ზუკან ჰელეზი აცხადებს, რომ მეწყერის ქვეშ მოყოლილი სახლებიდან გადარჩენილი ადამიანების პოვნა და გამოყვანა პრიორიტეტია, რისთვისაც მაშველთა გუნდის მაქსიმალური მობილიზებაა გამოცხადებული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქია ყველაზე მძიმედ იაბლანიცას რეგიონს დაატყდა, სადაც 14 ადამიანი დაიღუპა. ბოსნია-ჰერცეგოვინის ამ ნაწილში ორი ქალაქი ცივილიზაციას სრულად მოწყდა, რადგან დაიბლოკა გზები და სარკინიგზო ხაზები.
მედიაში გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ ბოსნიის დიდ ნაწილში სავალი გზები სრულად არის წყლით დაფარული. სპეციალური სამსახური ადგილობრივებს მოუწოდებს, შენობებში მაღალ სართულებზე დარჩნენ და ქუჩაში არ გამოვიდნენ.
უხვი ნალექი და ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობებია ნავარაუდები ბოსნიის სამეზობლოში - ხორვატიასა და მონტენეგროშიც.