ბოსტნეული კულტურების მწარმოებლებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი შეხვდნენ. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, ფერმერებთან შეხვედრაზე საკანონმდებლო და მარეგულირებელი საკითხები, სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის, სარწყავი წყლის მიწოდების საკითხები განიხილეს, ასევე, ცოდნის გავრცელებისა და დაფინანსების მექანიზმები.
"შევთანხმდით, რომ თანამშრომლობას გავაგრძელებთ კონკრეტული პროექტების ფარგლებში, რაც მოიცავს დაფინანსების სისტემის გაუმჯობესებას, მონიტორინგსა და ცოდნის გავრცელების ეფექტიან სქემებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ.
გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სარწყავი წყლის ახალ ტარიფთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის განსაზღვრული. ასევე, განხილული იყო სარწყავი წყლის ტარიფის სუბსიდირების მექანიზმში განხორციელებული ცვლილებები. აღინიშნა, რომ წყალმომხმარებლებთან სამელიორაციო მომსახურებაზე დროულად გაფორმებული ხელშეკრულებები უზრუნველყოფს სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას და სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
„ფერმერებთან ერთად შევაჯამეთ და განვიხილეთ საკითხები, რომლებიც 2026 წლის მელიორაციისა და ირიგაციის სეზონის დაწყებას უკავშირდება. ფერმერებმა გაგვიზიარეს მათი მოსაზრებები. ჩვენი მხრიდან გავაცანით ახალი პროგრამები, რომლებიც ეხება სუბსიდირების მექანიზმს, ხელშეკრულებების ახალ სისტემას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას და ფერმერებისთვის საჭირო ინფორმაციის დროულ მიწოდებას“, - განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.




























