მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Boston Dynamics-ის რობოტები ამერიკულ “ნიჭიერში” გამოვიდნენ

Boston Dynamics Spot

რობოტების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Boston Dynamics-მა საკუთარი პროდუქტების მარკეტინგისთვის საინტერესო გზა მოიფიქრა და რობოტები ამერიკულ “ნიჭიერში” გამოიყვანა. სცენაზე Boston Dynamics-ის ხუთი ოთხფეხა რობოტი გამოჩნდა, რომლებმაც ბრიტანული როკჯგუფის, Queen-ის Don’t Stop Me Now-ზე სინქრონში იცეკვეს. ნომრის შესრულებისას ერთ-ერთი რობოტი გაითიშა, მაგრამ ჟიურის წევრებმა ეს დადებით, მეტად ადამიანურ ფაქტორად შეაფასეს. Boston Dynamics-მა ჟიურისგან ოთხი “კი” მიიღო და America’s Got Talent-ის შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

კომერციული რობოტების ბაზარზე Boston Dynamics-ი ერთ-ერთი პიონერია, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს, MIT-ის ბაზაზე დაფუძნდა. თავდაპირველად, კომპანია ბიოლოგიური მოძრაობის სიმულაციაზე მუშაობდა და ორი პროტოტიპული რობოტი წარმოადგინა — BigDog და Cheetah. სხვადასხვა დროს, Boston Dynamics-ი ჯერ Google-ის, შემდეგ კი SoftBank-ის საკუთრებაში იყო, მაგრამ 2021 წლიდან ამერიკულ კომპანიას კორეული Hyundai Motor Group-ი ფლობს. კომპანიის მიზანია შექმნას რობოტები, რომლებიც რეალურ, ხშირად ადამიანისთვის მიუწვდომელ გარემოში რთული დავალებების შესრულებას შეძლებენ.

Boston Dynamics-ის სავიზიტო ბარათად ოთხფეხა რობოტი ითვლება, სახელად Spot. კომპანიამ ის 2016 წელს წარმოადგინა, როგორც რობოტი, რომელსაც სხვადასხვა რელიეფზე გადაადგილება და კონკრეტული დავალებების შესრულება შეუძლია. Spot-ი 25 კილოგრამს იწონის და მაქსიმუმ 14 კილოგრამის გადატანა შეუძლია. თავად რობოტი აღჭურვილია კამერებით, სენსორებით და გიროსკოპით. ამასთან, ის ელექტრონულია და ექვემდებარება დაპროგრამებას, ანუ მომხმარებელს მისი დასწავლა შეუძლია. თუმცა ყველაფერი ეს მაშინ, თუკი გამოჩნდება მყიდველი, რომელიც Spot-ში $74,500-ს გადაიხდის.

დღეს, Boston Dynamics-ის ოთხფეხა რობოტი ათასობით ადგილასაა დასაქმებული, მათ შორის სამშენებლო ობიექტებზე, ქარხნებში, საბადოებში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე, სამეცნიერო ლაბორატორიებში და ჯარში. დღემდე, Spot-ის ძირითადი მოვალეობა მონიტორინგის და ინსპექტირების ავტომატიზაცია იყო, რაც ამ მხრივ ადამიანური რესურსის საჭიროებას ამცირებს და უსაფრთხოებას ზრდის. აი, სამშენებლო სექტორში, მაგალითად, Spot-ის ერთ-ერთი დანიშნულებაა დააკვირდეს მშენებლობის პროცესს, დაათვალიეროს და აღბეჭდოს მიღწეული პროგრესი და შეადაროს ის არსებულ გეგმას.

Boston Dynamics-ის Spot-ის გარდა, ბაზარზე არაერთ სხვა ოთხფეხა რობოტს ვხვდებით, რომელთა ფასი, ხშირ შემთხვევაში გაცილებით დაბალია. ჩინური Unitree Go1 ბიუჯეტური ვარიანტია და მხოლოდ $2,700 ღირს, მაგრამ ამერიკული რობოტი მასზე მეტ ტვირთს წევს და თან, უფრო მოქნილი, ავტონომიური და მაღალხარისხიანია. Boston Dynamics-ის სხვა კონკურენტები, მათ შორის ANYbotics-ი ან Ghost Robotics-ი მეტად სპეციფიკურ გადაწყვეტებს ქმნიან, როცა Spot-ი უნივერსალური რობოტია, რომლის მორგება სხვადასხვა სექტორის დანიშნულებისთვის თანაბრად შეიძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები