მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბოსტონ სელტიკსი” NBA-ის ჩემპიონი მეთვრამეტედ გახდა

ბოსტონ სელტიკსი ჩემპიონია

ბოლო წლებში “ბოსტონ სელტიკსი” ჯერ 2018 წელს გავიდა კონფერენციის ფინალში და “კლივლენდ კავალიერსთან” დამარცხდა, ხოლო უკანასკნელად 2022 წელს მოახერხა სუპერფინალში გასვლა და იქ უკვე “გოლდენ სტეიტ უორიორზთან” დათმო სერია.

უკანასკნელად ბოსტონელებმა საჩემპიონო ბეჭდები 2008 წელს “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ მოიპოვეს, 16 წლის შემდეგ კი ახალი ისტორია დაიწერა.
“ბოსტონ სელტიკსმა” “დალას მავერიკსი” 4-1 დაამარცხა და ისტორიაში მე-18 საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა, რითაც უახლოეს მდევარ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსს” გადაასწრო.

სერიის მეხუთე თამაშში ჯეისონ ტეიტუმმა 31 ქულა 8 მოხსნა და 11 პასი მოაგროვა, თუმცა ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ ჯეილენ ბრაუნი დასახელდა, რომელმაც მთელი სერიის განმავლობაში საშუალოდ 20,8 ქულა, 5,4 მოხსნა და 5 ასისტი მოაგროვა.

“ეს საღამო მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება. უკანასკნელი 7 წელი წარმატებითა და წარუმატებლობებით სავსე იყო. ორი წლის განმავლობაში ჩვენ პლეი-ოფში რამდენიმე მძიმე წაგება განვიცადეთ. ფინალში საკუთარ მოედანზე დავმარცხდით. თქვენ იცით, რა გრძნობაა დაკარგვა, რა განცდაა, როცა გასახდელში ხარ და ამ დროს მეორე გუნდი ჩემპიონობას ზეიმობს. ეს დამანგრეველია. ამ წარუმატებლობამ უკეთეს გუნდად გვაქცია” - განაცხადა ჯეისონ ტეიტუმმა.

ხაზგასასმელია, რომ “სელტიკსმა” გასულ პლეი-ოფში მხოლოდ სამჯერ დათმო შეხვედრა და 16-ჯერ მოიგო, ამ მხრივ რეკორდი კი 2016/17 წლების “გოლდენ სტეიტ უორიორზს” ეკუთვნის, რომელმაც მაშინდელ საპლეიოფო სერიაში მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო.

ამ ტრიუმფის უმთავრესი შემოქმედი 35 წლის ჯო მაცულაა, რომელიც ბილ რასელთან ერთად ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა ისტორიაში, რომელმაც NBA-ის ტიტულის მოგება მოახერხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები