მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოთლზე 10 თეთრი გადასახადი იმდენად დიდია, სანაცვლოდ რაღაც უნდა მიიღონ ღვინის კომპანიებმა - გიორგი სამანიშვილი

თბილღვინო

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით, ღვინის კომპანიებს ეტიკეტზე ე.წ ნიშანდების დატანა სავალდებულო წესით მოუწევთ. ნიშანდება იქნება ფასიანი და მას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტით, ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების ღირებულება ერთ ბოთლზე სავარაუდოდ 10 თეთრი იქნება. შედეგად, ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციის წინა წლების მაჩვენებლის გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალი დაახლოებით 14 – 15 მილიონი ლარით გაიზრდება.

დამატებით 375 ათასი ლარის მობილიზება გახდება შესაძლებელი ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმებიდანაც, რადგან ნიშანდებასთან ერთად გაფართოვდება იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება.

სპეციალისტებში განსაკუთრებულ კითხვებს ღვინის სექტორისთვის ნიშანდების გადასახადის შემოღება აჩენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი bmg-სთან ამბობს, რომ მოსალოდნელ ეფექტთან შედარებით, ბოთლზე 10 თეთრი საკმაოდ ძვირი თანხაა.

„ნიშანდებას კიდევ ერთი ნიშანი ემატება, ეს იქნება QR კოდის სახით, სადაც ჩაიწერება სხვადასხვა ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში, ცუდად არ ვუყურებ ამ ცვლილებას, იმიტომ რომ საშუალებას იძლევა, რომ საერთაშორისო ეტიკეტირების წესებს დავუახლოვდეთ, თუმცა 10 თეთრი ნიშანდების საფასური არის გაცილებით ძვირი, ვიდრე ამას ეფექტი ექნება. სავარაუდოდ, ეს თანხა სხვა მომსახურების თანხა იქნება და არა ნიშანდების. დღეს ქართული კომპანიები QR კოდის დატანას ახდენენ, როცა ევროკავშირში გააქვთ ექსპორტზე პროდუქცია და დამატებითი ხარჯი არის მხოლოდ ბეჭდვის ხარჯი. ასე რომ, ეს გადასახადი არ არის ნიშანდების, ეს არის გადასახადი, რომელიც სახელმწიფომ უნდა რომ ამოიღოს კერძო სექტორიდან.

10 თეთრი - ეს არ არის ღირებულება, რაც უჯდება სააგენტოს, რომ ნიშანდება გააკეთოს. ეს არის თანხა, რომლის ამოღებაც უნდა ღვინის ეროვნულ სააგენტოს ღვინის კომპანიებიდან. არის ქვეყნები, სადაც გარკვეულ ხარისხის ნიშანზე გადასახადია დაწესებული, გარკვეულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე, თუმცა ეს თანხა ხმარდება მარკეტინგს, ზოგ შემთხვევაში ხმარდება ბაზარზე ფალსიფიკაციისგან დაცვას და ა.შ. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს შემთხვევაში რა იქნება მიზანი, ამას ალბათ დამატებით იტყვიან. ყოველ შემთხვევაში 10 თეთრის გადასახადი იმდენად დიდი თანხა გამოდის, თითო ბოთლზე 10 თეთრის სახით, რომ ამის სანაცვლოდ რაღაცა უნდა მიიღონ ღვინის კომპანიებმა.

მე მაგალითად, ვისურვებდი, თუ 10 თეთრს იხდის კომპანია ერთ ბოთლზე, ეს საკმარისი თანხაა იმისთვის, რომ თანადაფინანსებაში შევიდეს კერძო სექტორი - მაგალითად ღვინის მარკეტინგში, მაგრამ ამის სანაცვლოდ კერძო სექტორი ჩართული უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიღებაში და სტრატეგიის დაგეგმვაში. დღეს, როგორც ვიცით, სახელმწიფო აფინანსებს 100%-ით მარკეტინგს, ამიტომ სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებებს, სად, რა და რა სახის ღონისძიებებს ჩაატარებს. ანუ თუ კერძო სექტორი თანადაფინანსებაში შედის, მაშინ მას აქვს უფლება მოითხოვოს ცვლილებები ან რაღაც მოდიფიკაცია მარკეტინგულ სტრატეგიაში”,- აცხადებს გიორგი სამანიშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტში სიახლეა ისიც, რომ ღვინის კომპანიისთვის მცირე ზომის მარნის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი 40 000 ლიტრი ღვინის წარმოებიდან მცირდება 25 000 ლიტრამდე, შესაბამისად, ასეთ კომპანიებზე აღარ გავრცელდება მცირე ზომის მარნებისთვის დადგენილი შეღავათები და სერტიფიცირების მისაღებად საჭირო იქნება ორგანოლეპტიკური შემოწმების ჩატარება. ცვლილებების შედეგად მცირე მარნის სტატუსს და შეღავათებს დაახლოებით 50-მდე ღვინის კომპანია დაკარგავს.

კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების ვალდებულება ჯამში 520-მდე ღვინის კომპანიას, ნიშანდების კი 900-მდე ღვინის კომპანიას ექნება. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების საფასურის განსაზღვრისთვის დრო საქართველოს მთავრობას, 2027 წლის 1 თებერვლამდე აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები