მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„BPO-ს ტოპ-10 საერთაშორისო კომპანიასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“ - მიხეილ ხიდურელი

626fb9b5c56ce
ვიქტორია მღებრიშვილი
02.05.22 21:40
1643
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ბიზნეს პროცესების აუთსორსის კუთხით მომუშავე TOP-10 საერთაშორისო კომპანიასთან ქვეყანაში მოზიდვის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა „Forbes კვირაში“ „ბიზნეს კონცეპტის“ რუბრიკაში საქართველოში აუთსორსინგ კომპანიების ოპერირების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

ხიდურელის ინფორმაციით, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით ქვეყანაში დაახლოებით 12 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სამუშაო ადგილებს კი ამ დროისთვის ორი საერთაშორისო კომპანია „მეიჯერელ საქართველო“ და „კონცენტრიქსი“ ქმნიან. სააგენტოს ხელმძღვანელმა საქართველოში BPO-ს მიმართულებით კომპანიების მოზიდვის უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მსოფლიოს ყველაზე დიდ TOP-10 კომპანიასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. სხვა არსებულ ფაქტორებთან ერთად, საქართველოში ასეთი კომპანიების მოზიდვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა დროის სარტყელია, რადგან ეს ძალიან ბევრი სხვადასხვა ბაზრის მომსახურების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა ხიდურელმა, თუმცა დამატებითი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

მან ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და საბანკო სექტორის თანამშრომლობის შედეგებზეც ისაუბრა. ხიდურელმა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ახალი პლატფორმის ამოქმედებაც დააანონსა, სადაც სახელმწიფო პროგრამების შედეგიანობის ანგარიშები იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენი სააგენტოს ყველაზე დიდი პორტფელი ბანკებთან ერთად მიდის. უკვე შევქმენით პროგრამა, რომელიც ბანკებთან ერთად განხორციელებული პროექტების შედეგებს ითვლის - გაეზარდა თუ არა კომპანიას ფინანსური მაჩვენებლები, რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა, რამდენი მშპ შეიქმნა, რა მოცულობის გადასახადი დაბრუნდა. ყველა პარამეტრი გასცემს პასუხებს კითხვებს. პლატფორმაზე როგორც ბიზნესის დაფინანსების, ასევე ექსპორტის ხელშეწყობისა თუ სხვა მიმართულებით არსებული პროგრამების ეკონომიკური ეფექტი მუდმივ რეჟიმში განახლდება და ამ ინფორმაციის ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება“, - განაცხადა ხიდურელმა და დასძინა, რომ ეს ანგარიშები სახელმწიფო ხელშეწყობის შეფასებისა და მათთან მიმართებით სახელმწიფო სტრატეგიის განსაზღვრის შესაძლებლობას გააჩენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები