მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრალდებას, რომ WhatsApp-ის მიმოწერები კონფიდენციალური არ არის, აშშ-ში გამოძიების დაწყება მოჰყვა - Bloomberg

whatsapp

აშშ-ის სასამართლოში მოსარჩელეთა ჯგუფმა Meta-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და WhatsApp-ი, მიმოწერების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, მილიარდობით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ WhatsApp-ის ფართოდ რეკლამირებული ე.წ. "ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრა“ (end-to-end encryption) შესაძლოა, ისეთივე უსაფრთხო არ იყოს, როგორც ამას Meta ამტკიცებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც Meta-ს თანამშრომლებსა და კონტრაქტორებს, სავარაუდოდ, WhatsApp-ის დაშიფრულ მიმოწერებზე ჰქონდათ წვდომა.

სიმართლის დადასტურების შემთხვევაში, ეს ფაქტი Meta-ს კონფიდენციალურობის მთავარ დაპირებას - რომ მომხმარებლების შეტყობინებების წაკითხვა არავის, მათ შორის არც თავად კომპანიას შეუძლია - ეჭვქვეშ დააყენებს.

Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის სპეციალური აგენტები სწავლობდნენ Meta-ს ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს, რომელთა განცხადებითაც, მათ და პერსონალის ნაწილს WhatsApp-ის შეტყობინებებზე შეუზღუდავი წვდომა ჰქონდათ. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება, სახელწოდებით Operation Sourced Encryption, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

ბრალდებები შინაარსი ორმა ყოფილმა მოდერატორმა გააჟღერა, რომლებიც Meta-სთვის ტექნოლოგიური და საკონსულტაციო ფირმა Accenture Plc-ის გავლით მუშაობდნენ. მათ გამომძიებლებს განუცხადეს, რომ Meta-ს თანამშრომლებს იმ მიმოწერების შინაარსის ნახვა შეეძლოთ, რომლებიც წესით სრულად დაშიფრული უნდა ყოფილიყო.

ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს აგენტმა ანგარიშში აღნიშნა, რომ ორივე წყარომ დაადასტურა კოლეგების არსებობა, რომლებსაც "WhatsApp-ზე შეუზღუდავი წვდომა" ჰქონდათ.

Bloomberg-ის თანახმად, ერთ-ერთმა კონტრაქტორმა ისიც კი განაცხადა, რომ შეტყობინებებზე წვდომა პირადად ჰქონდა. გარდა ამისა, ის ესაუბრა Facebook-ის გუნდის წევრს, რომელმაც თქვა, რომ მათ შეეძლოთ WhatsApp-ის (დაშიფრული) შეტყობინებების "სიღრმეში ჩასვლა", მათ შორის სისხლის სამართლის გამოძიებებთან დაკავშირებულ საქმეებზე.

Meta-მ ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

"ის, რასაც ეს პირები ამტკიცებენ, შეუძლებელია, რადგან WhatsApp-ს, მის თანამშრომლებსა და კონტრაქტორებს ადამიანების დაშიფრულ კომუნიკაციაზე წვდომა არ აქვთ", - განუცხადა Bloomberg-ს ელექტრონული ფოსტით Meta-ს სპიკერმა ენდი სტოუნმა.

მიუხედავად ამისა, გამოძიება ახალ კითხვებს აჩენს Meta-ს მიერ მონაცემთა დაცვის პრაქტიკასთან დაკავშირებით. კონფიდენციალურობის საკითხების გამო კომპანია აქამდეც არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, მათ შორის 2019 წელს, როდესაც მონაცემთა არასათანადო მართვისთვის აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ ის 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.

ამ ეტაპზე Meta ამტკიცებს, რომ ყველაფერი დაცულია, თუმცა Bloomberg-ის ანგარიში მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას კითხვა, თუ რამდენად უსაფრთხოა WhatsApp-ის დაშიფრული მიმოწერები რეალურად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები