"ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
ლაშა ავალიანის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საქმე ისაა, რომ გუშინ, 1 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გორის მუნიციპალიტეტში, ცხოველთა თავშესაფრის კრემატორიუმში, სავარაუდოდ, ცხოველებს წვავდნენ. Facebook-ზე ატვირთულ კადრებში ჩანდა, რომ კრემატორიუმი ღამით მუშაობდა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გორში, თავშესაფრის ტერიტორიაზე, მიუსაფარი ძაღლების გადაყვანასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
"ზოგიერთ ვიდეოში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი ის, რაც რეალობას არ შეესაბამება. შინაურ ბინადარ ცხოველებთან მიმართებაში ღონისძიებები მიმდინარეობდა კახეთსა და იმერეთში; ასევე გამოიყო ჯგუფი, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დაიწყო ოპერირება და პირველი გასვლა ადგილობრივ მერიასთან ერთად განხორციელდა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო არც ერთ სხვა რეგიონში და მუნიციპალიტეტში არ შესულა და არც ერთ სხვა თავშესაფარში ცხოველები არ მიუყვანია", - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
მისივე განმარტებით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე სააგენტოს მანქანების გადაადგილება და თავშესაფარში შესვლა არ დაფიქსირებულა, რაც მარტივად გადამოწმებადია, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერების გადამოწმებით. მინისტრის მოადგილემ შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
"ვინც ამტკიცებს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა და არსებობს კადრები, ვთხოვ, გაასაჯაროონ. ეს ძალიან ადვილი დასამტკიცებელია და აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს. შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით. დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არანაირი შეხება არ აქვს შიდა ქართლის თავშესაფართან. ერთადერთი, რაც მე ვნახე, არის ბოლი ინსენერატორიდან, რომლის ფუნქციაა ნარჩენების, მათ შორის ცხოველური ნარჩენების დაწვა, რომელიც ოპერაციის შემდეგ წარმოიქმნება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქის მერე კახა კალაძეც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებენ.
"მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია. ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს აღნიშნულ საკითხს და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებამ დაინახა, რეალურად ვინ - რომელი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები იდგნენ ამ ყველაფრის უკან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც სიცრუის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება ზოგადად, ამ საკითხის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. მძიმე ფაქტებზე იყო საუბარი, ძაღლებს ცოცხლად წვავენო, თუმცა ამის არანაირი ფაქტი, ერთი კონკრეტული შემთხვევა არავის წარმოუდგენია. შესაბამისად, მსგავსი ინფორმაცია
მიზანმიმართული ტყუილია", - განაცხადა კახა კალაძემ.




























