მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო ჯუანშერ ბურჭულაძისგან ₾6.9 მილიონის ანაზღაურებას მოითხოვს

ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის სამინისტრო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ჯუანშერ ბურჭულაძისგან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

მედიის ცნობით, ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ცაბაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, თუ გამოძიებით დადასტურდება 6 მილიონ 9 ათასი ლარის გაფლანგვა, აღნიშნული თანხის ანაზღაურება ყოფილი მინისტრისგან იქნება მოთხოვნილი.

გიორგი ცაბაძის თქმით, 2025 წლის ივნისში ანტიკორუფციული დეპარტამენტიდან თავდაცვის სამინისტროში მიმართვა შევიდა, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობდა გამოძიება თანხების შესაძლო გაფლანგვაზე. სამართლებრივი საფუძვლით, სამინისტრო საქმეში დაზარალებულ მხარედ ჩაერთო და შესაბამის მასალებს გაეცნო.

საქმე 2023 წელს განხორციელებულ შესყიდვას ეხება და სამხედრო ჰოსპიტლის აღჭურვილობის შეძენას უკავშირდება. როგორც ცაბაძემ აღნიშნა, საერთო ჯამში საუბარია 6 მილიონ 9 ათას ლარზე.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული სასჯელი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

ბრალის მიხედვით, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ, მისი მოადგილის, ნათესავისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ამასთან, ბრალდების ვერსიით, 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ უძრავი ქონება შეიძინეს. უკანონო შემოსავლის წარმოშობის დამალვის მიზნით, მათ დაბა წყნეთში მდებარე უძრავ ქონებაზე მესამე პირთან ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები