"ძალიან სამწუხაროა, როცა შენი ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრს ყოფილ შინაგან და თავდაცვის მინისტრს, ამ შეთითხნილი ბრალითა და ცილისმწამებლური კამპანიის ფარგლებში ასამართლებენ" - ამის შესახებ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
დღეს, 2 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ღარიბაშვილის პროცესი იმართება, რომელსაც თავად ბრალდებული პირველად დაესწრება. ყოფილმა პრემიერმა თავდაპირველად განაცხადა, რომ საკუთარ სასამართლო პროცესებს არ დაესწრებოდა, რადგან მისი თქმით, ეს სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
"დღეს არსებითი განხილვა იწყება. წინა შემთხვევაში ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ე.წ. 48 ტომიდან მხოლოდ ორი ჩვენებაა ირაკლი ღარიბაშვილის „ბრალის დამადასტურებელი“, ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის. ერთი პირდაპირი და ერთი ირიბი.
ძალიან სამწუხაროა, როცა შენი ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრს, ყოფილ შინაგან და თავდაცვის მინისტრს, ამ შეთითხნილი ბრალითა და ცილისმწამებლური კამპანიის ფარგლებში ასამართლებენ. მაინც ვფიქრობ, რომ ეს საქმე შემთხვევით არ უნდა იყოს შერჩეული. იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია, რა გააკეთა ირაკლიმ თავდაცვის სამინისტროსთვის, ზოგადად თავდაცვისუნარიანობის განვითარებისთვის და რა დამოკიდებულება აქვს სამინისტროსა და ჯარს მის მიმართ. ვფიქრობ, ეს პროცესები გახდება იმის დასტური და ნათელს მოჰფენს იმ გარემოებებს, რაზეც ირაკლი საუბრობდა თავისივე წერილებში“, - განაცხადა ნათია თამაზაშვილმა, რომლის კომენტარსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიმდინარე წლის აგვისტოში წარდგენილი ბრალით ედავებიან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან ზურაბ ტუკვაძისგან ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ქრთამად გადაცემული 1,5 მილიონი ლარიდან ნახევრის, 750 000 ლარის აღებას. მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
























