ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესასვლელად უცხოელ ვიზიტორებს Covid-ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი დასჭირდებათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს განჩინება ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ადრე გამოცემულ რეგულაციას, რომელიც უცხოელებისთვის მხოლოდ უარყოფით PCR ტესტს მოითხოვდა, აბათილებს. გადაწყვეტილების მიზეზად მოსამართლემ განაცხადა, რომ „სხვაგვარად შეუძლებელია ყველა ვიზიტორის შემოწმება და ახალი ომიკრონ ვარიანტის გავრცელების პრევენცია“.
ამასთან, ქვეყანაში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას განიხილავენ, როგორც პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონაროს მორიგ დამარცხებას, რომელმაც არაერთხელ შეარყია ვირუსის გავრცელების კონტროლის მცდელობები, პანდემიის მართვის მხრივ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ქვეყანაში. პრეზიდენტმა, რომელიც ამბობს, რომ აცრილი არ არის, ჯანდაცვის სააგენტოს მიერ ვიზიტორებისგან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის მოთხოვნას უარით უპასუხა.
მიღებული გადაწყვეტილებით, გამონაკლისი დაშვებული იქნება მხოლოდ ისეთი ქვეყნების ვიზიტორებისთვის, სადაც მოსახლეობის უმეტესობის ვაქცინაცია ამ დრომდე ფიზიკურად ვერ მოხერხდა. ასეთ ვიზიტორებს ბრაზილიაში ჩასვლისას 5-დღიან სავალდებულო კარანტინში ყოფნა მოუწევთ.
ამ დროისთვის უცნობია, დაზუსტებით როდიდან შევა ძალაში ახალი რეგულაციები.




























