მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარწმუნებული ვარ, ზამთარში ათასობით ადამიანმა კოვიდი ისე გადაიტანა, რომ არც გაუგია - ივანე ჩხაიძე

ომიკრონი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე დარწმუნებულია, რომ ზამთარში კორონავირუსი ათასობით ადამიანმა ისე გადაიტანა, რომ არც გაუგია. ამის შესახებ მან კოვიდპანდემიის დასრულებისა და კორონა ვირუსის დაფიქსირებული შემთხვევების შესახებ BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ისაუბრა.

ის აღნიშნავს, რომ ჯანმოს მოლოდინი, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ კორონავირუსი მოცირკულირე სეზონურ ვირუსად იქცეოდა, გამართლდა.

“ძალიან ნიშანდობლივი აღმოჩნდა ჯანმოს განცხადება, რომ პანდემიის შემდეგ კორონა ვირუსი მოცირკულირე, სეზონურ ვირუსად გადაიქცევა - ეს იმას ნიშნავს, რომ კოვიდი არსად გაქრება. პანდემიის დასრულება (რომელიც, მართალია, ოფიციალურად არ არის გამოცხადებული) არ ნიშნავს კორონა ვირუსის დასრულებას.

ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დაბალია, 2-5%. საბედნიეროდ, ის ვარიანტი, რომელიც დარჩა - ომიკრონი - ყველა იმ მუტაციას შორის, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად გავეცანით პანდემიის დროს, ყველაზე მსუბუქია. ევოლუციურად სხვანაირად წარმოუდგენელია, პანდემიის დასრულებას მივყავართ იმ მუტაციამდე, რომელსაც ექნებოდა ყველაზე ნაკლები ზემოქმედება, სიმძიმის, ლეტალობის და გართულებების თვალსაზრისით”, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

ექიმი ასევე განმარტავს, რომ კოვიდზე ტესტირება ამჟამად მხოლოდ იმ შემთხვევაში კეთდება, თუ ინფიცირებული ადამიანი რისკჯგუფს განეკუთვნება და კლინიკაში მოხვდება.

“ცირკულირებს ომიკრონი და ტესტირება იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ ინფიცირებული ადამიანი საავადმყოფოში მოხვდება, რისკის ჯგუფია და ექიმს აინტერესებს, რა უნდა გააკეთოს, თორემ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ზამთრის განმავლობაში ათასობით ადამიანმა გადაიტანა კორონა ვირუსი ისე, რომ არც გაუგია. აქვს მსუბუქი მიმდინარეობა , დაბალი სიცხე, მსუბუქი ხველება - დარჩა იმ ვირუსად, რომელსაც უნდა შევეგუოთ”, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები