მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრაზილიაში ბიბლიოთეკიდან მატისის რვა ნამუშევარი მოიპარეს

ჰენრი მატისი “ცეკვა”

კვირას, 7 დეკემბერს, სან-პაულუს ბიბლიოთეკიდან ორმა ქურდმა ჰენრი მატისის რვა ნამუშევარი მოიპარა. ამის შესახებ ბრაზილიური მედია იუწყება ბრაზილიის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით.

ბრაზილიური მედიის მიერ გავრცელებული ფოტო გაქურდული სან-პაულუს ბიბლიოთეკიდან

ჰენრი მატისის ნამუშევრებთან, კონკრეტულად ბიბლიოთეკაში სან-პაულუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან კოლაბორაციის ფარგლებში გამოფენილ ლიმიტირებულ გრავიურებთან, ერთად ქურდებმა ცნობილი ბრაზილიერი მხატვრის კანდიდო პორტინარის 5 ნამუშევარი მოიპარეს.

მოპარული ექსპონატები

შეიარაღებული ქურდები ბიბლიოთეკაში ცენტრალური შესასვლელიდან შევიდნენ, გააკავეს დაცვა და გამოფენის ორი ხანდაზმული დამთვალიერებელი, კედლიდან ჩამოხსნეს ნამუშევრები და ისევ ცენტრალური შესასვლელიდან გაიქცნენ. ოფიციალური ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკაში უსაფრთხოების სისტემა და სათვალთვალო კამერები გამართულია, ქურდებმა მიმალვა მოახერხეს, მათი და ნამუშევრების ადგილსამყოფელი უცნობია, ადგილზე პოლიცია მუშაობს. ქურდობის ფაქტზე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს.

ბიბლიოთეკის განცხადებით, ნამუშევრები დაზღვეულია, თუმცა ზუსტად რა ღირებულების ექსპონატები იქნა მოპარული ცნობილი არაა.

მატისის ალბომის 2004 წელს გამოშვებული ასლი

მატისის გრავიურები ლიმიტირებული სერიიდანაა სახელწოდებით "ჯაზი". ნამუშევრებს საინტერესო ისტორია აქვს, 1941 წელს ოპერაციის გადატანის შემდეგ მატისი შეზღუდული მობილობის გამო ნამუშევრებს ჩვეული მანერით ვეღარ ქმნიდა, ამიტომ დაიწყო გამოჭრილი ქაღალდისგან კოლაჟების შედგენა. მოგვიანებით ამ კოლაჟებისგან მატისის ინსტრუქტაჟით ჯამში 250 ტირაჟიანი გრავიურების ალბომი შეიქმნა. ალბომის ფასი აუქციონებზე დღეს დაახლოებით $500 000-დან $1 მილიონამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები