1-2 მაისს ბრაზილიის სამხრეთით, რიუ-გრანდი-დუ-სულის რეგიონში მოსულ უხვ ნალექსა და წყალდიდობას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ბრაზილიის სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უცხოური მედიის ცნობით, უხვი ნალექი და ამინდის ექსტრემალური პირობები 104 მუნიციპალიტეტს შეეხო და 1400 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია. მანამდე, ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ სამთავრობო ანგარიშში, რომლითაც ჰიდროლოგიური პირობები იყო შეფასებული, ადგილობრივმა მთავრობამ “მთელი რეგიონის მასშტაბით” წყალდიდობის რისკების შესახებ გააკეთა პროგნოზი.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ, რეგიონის მასშტაბით, მოსალოდნელია მდინარეების ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა. ასევე, არსებობს რისკები წყალმოვარდნისა და მეწყერული პროცესების განვითარების.
ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ედუარდო ლიტემ გარდაცვლილთა ოჯახებს X-ის საშუალებით მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დაკარგულთა უსაფრთხო დაბრუნებისთვის ყველაფერს აკეთებენ.