მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრაზილიაში ტყეების ჩეხა პირდაპირაა დაკავშირებული ყავის პლანტაციების ფართობის ზრდასთან - კვლევა

ყავა

ბრაზილიაში ტყის საფარის მასობრივი ჩეხა პირდაპირაა დაკავშირებული ყავის პლანტაციების ფართობის 737 ათას ჰექტარამდე ზრდას, 2002-2023 წლების განმავლობაში. ამის შესახებ ორგანიზაცია Coffee Watch-ის ახალ კვლევაშია საუბარი, რომელშიც ყავის ინდუსტრიაზე დეფორესტიზაციის მავნე გავლენაზეა საუბარი.

გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პირდაპირი დეფორესტიზაცია - სადაც ტყე სპეციალურად ყავის მოსაყვანად გაიჩეხა - 312 803 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა, , დანარჩენი კი უკვე არსებული ყავის ფერმების, ტყის საფარის ჩეხის ხარჯზე გაფართოებით იყო გამოწვეული.

ბრაზილია ყავის მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია, რომელიც ყოველწლიურად ყავის ათობით მილიონ 60-კილოგრამიან შეფუთვას აწარმოებს. თუმცა, Coffee Watch-ის თქმით, მისი, როგორც ექსპორტიორის, მომავალი საფრთხის ქვეშაა, რადგან ტყეების ჩეხა ამინდის კანონზომიერებაზეც ახდენს გავლენას - იწვევს გვალვას და, შესაბამისად, მოსავლის გაფუჭებას.

ანგარიშის თანახმად, ბრაზილიის ყავის მწარმოებელ მთავარ შტატში, მინას-ჟერაისში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რვაში ნალექების დეფიციტი დაფიქსირდა, NASA-ს ნიადაგის ტენიანობის სატელიტური მისია კი აჩვენებს, რომ ყავის მწარმოებელ წამყვან ზონებში ნიადაგის ტენიანობა, ექვსი წლის განმავლობაში, საშუალოდ, 25%-ით შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ყავის მწარმოებლები ტრადიციულად გაზაფხულისა და ზაფხულის უხვი წვიმების სეზონზე არიან დამოკიდებული, ბოლო წლებში გვალვებმა ფერმერები აიძულა, გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ძვირად ღირებული სარწყავი სისტემები დაენერგათ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ყავის ბრაზილიელმა მწარმოებლებმა, ინდუსტრიის მომავლის უზრუნველსაყოფად, მდგრადი ტყის მეურნეობის პრაქტიკა უნდა დანერგონ, რომელსაც დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზონების მხოლოდ 1%-ში იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები