ბრაზილიის განვითარების ეროვნული ბანკი (BNDES) $1.3 მილიარდიანი “ამაზონის ფონდიდან” $65 მილიონს ამაზონის ტყეებში უსაფრთხოებისა და დაცვის სისტემების მოსაწყობად გამოყოფს, რითაც ამ ტერიტორიაზე ხეების მასობრივ ჩეხასა და სხვა მსგავსი ტიპის დანაშაულს შეებრძოლება - ამის შესახებ თავად ბანკის წარმომადგენლები საუბრობენ.
პროექტი იქნება პირველი მსხვილი კანონპროექტი, რომელიც “ამაზონის ფონდიდან” დაფინანსდება. ფონდის შემომწირველი 4 სხვადასხვა ქვეყანაა, თუმცა მას სწორედ ბრაზილიის განვითარების ბანკი განაგებს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრაზილიის იუსტიციის მინისტრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მისი აღსრულება კი ბრაზილიის ფედერალურ პოლიციას დაევალება.
“ამაზონის ფონდის” თავდაპირველი რესურსები ვერტმფრენების და სხვა საჭირო აღჭურვილობების შეძენას მოხმარდება, რისი საშუალებითაც ტერიტორიას დააკვირდებიან და უკანონობის სწრაფ აღკვეთას შეძლებენ. მომდევნო წელს კი პოლიციის საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრს გახსნიან, რომელიც მეზობელი ქვეყნების თავდაცვის უწყებებთან ითანამშრომლებს.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ხელისუფლებამ ამაზონის ტყეში მიმდინარე წელს გაუტყეურება მნიშვნელოვნად შეამცირა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში.