ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში ილონ მასკის სოციალური ქსელის, X-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც კომპანიამ მინიჭებულ დროში კანონიერი წარმომადგენელი ვერ დანიშნა.
მოსამართლე ალექსანდრე დე მორაესის გადაწყვეტილებით, ბრაზილიაში "დაუყოვნებლივ და სრულად" შეჩერდა X-ის ოპერირება მანამ, ვიდრე კომპანია სასამართლოს მიერ დაკისრებულ ყველა ვალდებულებას არ შეასრულებს, გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმებს და ბრაზილიაში ოფიციალურ, კანონიერ წარმომადგენელს დანიშნავს.
ამასთან, მოსამართლემ ბრძანების აღსასრულებლად ბრაზილიის ტელეკომუნიკაციების ეროვნულ სააგენტოს 24 საათი მისცა. სააგენტოს ვალდებულება აქვს, ქვეყნის 20 000-ზე მეტ ინტერნეტპროვაიდერს X-ის დაბლოკვის ბრძანება გაუგზავნოს. სააგენტოს დირექტორის თქმით, თითოეული პროვაიდერი კომპანია უკვე საქმის კურსშია.
მოსამართლე Apple-სა და Google-ისგანაც მოითხოვდა სარჩელის აღსრულების მექანიზმების იმპლემენტაციას, რაც IOS და Android სისტემების ბრაზილიელ მომხმარებლებს VPN-ის გამოყენებით X-ით სარგებლობას შეუზღუდავდა, თუმცა მოგვიანებით სარჩელიდან ეს ნაწილი ამოიღეს.
საბოლოო გადაწყვეტილებით, ნებისმიერი კერძო პირი თუ კომპანია, ვინც მასკის სოციალური ქსელით ისარგებლებს, დღეში R$50,000-ით (9,000 აშშ დოლარი) დაჯარიმდება.
ბრაზილიის სასამართლოში X-ის საქმის განხილვა ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო, როდესაც მოსამართლემ ილონ მასკს ზოგიერთი ანგარიშის გაუქმება მოსთხოვა, იმ მიზეზით, რომ ისინი დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. მასკმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა და მოსამართლე მორაესი ცენზურის მცდელობაში დაადანაშაულა.
მას შემდეგ, 17 აგვისტოს, ილონ მასკმა ბრაზილიიდან ოფიციალური წარმომადგენელიც გაიწვია და განაცხადა, რომ ცენზურის მცდელობის გამო, X ქვეყანაში ოპერირებას შეწყვეტდა, თუმცა სოციალური ქსელი ბრაზილიის მოქალაქეებისთვის ამ დრომდე კვლავ ხელმისაწვდომი იყო. ოთხშაბათს, 28 აგვისტოს, მოსამართლემ X-ს 24 საათი მისცა იმისთვის, რომ ბრაზილიაში ახალი კანონიერი წარმომადგენელი დაენიშნათ, რაც ქვეყანაში მოქმედი ნებისმიერი უცხოური კომპანიისთვის ვალდებულებაა. საპასუხოდ კი ილონ მასკმა X-ზე დაპოსტა, რომ სასამართლოს ბრძანებას არ დაემორჩილებოდა, რადგან მოსამართლე ამით მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს ებრძვის.