ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეში დამნაშავედ ცნო და 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილებას მხარი 5-დან 4-მა მოსამართლემ დაუჭირა. მას ბრალი 5 სხვადასხვა მუხლით ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის, ძალადობრივი მოქმედებების ორგანიზება, სახელმწიფო ქონების დაზიანება და დემოკრატიული წყობილების გადატრიალების მცდელობა.
ამჟამად, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში რჩება და გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დამნაშავედ ბოლსონარუს მოკავშირეებიც ცნო. ბრალდებული სამხედრო პირები ციხეში 26 წელს მოიხდიან.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის გამტყუნება ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი მომენტია. აქამდე, არცერთი სხვა პირველი პირი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასა და დემოკრატიული წესრიგის მოშლის მცდელობაში დამნაშავედ არ უცნიათ. ბოლსონარუს დაკავებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე უკვე მოჰყვა გამოხმაურება. დედაქალაქში ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები იმართება. საკითხს ჯერ არ გამოხმაურებია ბოლსონარუს ახლო მოკავშირე, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, მან ბრაზილიისთვის 50%-იანი ტარიფების დაწესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ბოლსონარუს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი დაასახელა.




























