მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბრენდულ სასტუმროებზე მოთხოვნა იზრდება" - ალავერდაშვილი მიზეზებზე

ალავერდაშვილი

საქართველოს ტურიზმის ბაზარი სტრუქტურულად შეიცვალა. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნა ტურისტების გეოგრაფიის ცვლილების გამო მკვეთრად გაიზარდა ბრენდულ სასტუმროებზე, რაც პირდაპირ აისახა ფასებზე (ADR), კონკურენციასა და ახალი პროექტების სტრატეგიაზე.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ტურიზმის სექტორის ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა — გავრილოვის ღამემდე და გავრილოვის ღამის შემდეგ. გავრილოვის ღამემდე ბრენდული და არაბრენდული სასტუმროების ფასები და ADR თითქმის გათანაბრებული იყო, ქართული და საერთაშორისო ბრენდები ერთ დონეზე ოპერირებდნენ.

გავრილოვის ღამეს პანდემია მოჰყვა, ხოლო პანდემიის შემდეგ, ტურისტების გეოგრაფიის ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა მოთხოვნაც. მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ბრენდულ სასტუმროებზე და ფასებს შორის სხვაობაც თვალსაჩინო გახდა. შედეგად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეპატრონეებმა აქტიურად დაიწყეს საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა. ბევრი არაბრენდული სასტუმრო გადადის ბრენდზე, ხოლო ახალი პროექტები თავიდანვე ბრენდებთან მოლაპარაკებით იწყება.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას შალვა ალავერდაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველოს ძირითადი სტუმრები არიან გალფის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან, რომლებიც უპირატესობას ძირითადად ბრენდულ სასტუმროებს ანიჭებენ.

"არაბრენდულ სასტუმროებზე მოთხოვნა უფრო ევროპელი სტუმრების მხრიდან მოდიოდა, რომლებიც ავთენტურ გარემოსა და განსხვავებულ გამოცდილებას ეძებდნენ. თუ ადრე მოთხოვნა დაახლოებით 50/50-ზე ნაწილდებოდა, ახლა დაახლოებით 70% მოდის ბრენდულ სასტუმროებზე და 30% - არაბრენდულზე.“ - დასძინა მან.

მისივე თქმით, ზამთარში, განსაკუთრებით თბილისის ბაზარზე, კონკურენცია საკმაოდ მაღალია და თებერვალში ბრენდული სასტუმროები ხშირად ფასითაც უწევენ კონკურენციას არაბრენდულს. თუმცა, მისივე თქმით, აქტიურ სეზონზე სხვაობა მკვეთრია — ბრენდული სასტუმროები თითქმის ორჯერ, ზოგჯერ კი მეტიც, ძვირია არაბრენდულთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები