მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღიარება, რომ ჰორეკა სექტორი დაზარალდა, კარგია, მაგრამ რას ვაკეთებთ, რომ დარგს დავეხმაროთ? - ალავერდაშვილი

შალვა ალავერდაშვილი

აღიარება რომ სტუმართმასპინძლობის სექტორი დაზარალდა, ძალიან კარგია, მაგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაზარალებულ სექტორს რამით დავეხმაროთ? - ასე პასუხობს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი ეკონომიკის მინისტრის განცხადებას.

საქმე ისაა, რომ ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროში მიმდინარე მოვლენების გამო დაზარალებულ სხვადასხვა ბიზნეს-ჯგუფებს ხვდებიან და მსჯელობენ, როგორ დაეხმარონ ამ სექტორებს.

როგორც შალვა ალავერდაშვილმა BMG-ის განუცხადა, ჯერჯერობით ეკონომიკის სამინისტროდან მათთან კომუნიკაცია არ ყოფილა, შესაბამისად, სექტორის წარმომადგენლები ლევან დავითაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, მთავრობა დაზარალებულ ტურიზმის დარგს დაეხმაროს. თუმცა მისივე განცხადებით, მსგავსი მოლოდინის მიუხედავად, მიმდინარე წლის მაისში მთავრობისგან ქონების გადასახადის გადავადებაზე უარი მიიღეს.

„იმის აღიარება, რომ სტუმართმასპინძლობის სექტორი დაზარალდა, ძალიან კარგია. მაგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაზარალებულ სექტორს რამით დავეხმაროთ - ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. ძალიან გაგვიხარდებოდა თუ სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგებოდა. იგივე პროცესი გვქონდა მაისში, როდესაც ბატონ ლევანს შევხვდით, მაშინაც ვაღიარეთ, რომ დარგი დაზარალებულია, თუმცა რა? რა გააკეთა და რას აკეთებს სახელმწიფო, რომ გვერდში დაუდგეს დაზარალებულ სექტორს - ესაა მთავარი კითხვა და მასზე პასუხს ველოდებით. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად უნდა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, რისი გაკეთება შეიძლება, რა შეიძლება გაკეთდეს სექტორის დასახმარებლად. იმედი გვაქვს, რომ შეგვხვდებიან“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის თქმითვე, ქვეყანაში არსებული არასტაბილურობის ფონზე, ტურიზმის დარგში კვლავ რთული ვითარება ნარჩუნდება და თბილისის ცენტრალურ უბნებში სასტუმროებში დეკემბრის განმავლობაში ჯავშნების 70% გაუქმებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები