საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში დაკრედიტების ტემპი მცირდება, ხოლო ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა იზრდება.
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელ შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, საბანკო სექტორის მხრიდან ტურიზმის და სასტუმროების ბიზნესის დაკრედიტების შემცირება სწორი გადაწყვეტილებაა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დღეს, საქართველოს სასტუმროების ბაზარი გაჯერებულია და ეს სექტორი ძველებურად საინვესტიციოდ მიმზიდველი აღარაა და ხშირად ინვესტორებს სხვა სექტორებიდან (მაგალითად, დეველოპმენტიდან) მიღებული შემოსავლებით უწევთ სასტუმროების ვალდებულებების დაფარვა.
საქმე ის არის, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, სასტუმროების და ტურიზმის სექტორზე სულ 2.78 მილიარდი ლარის სესხები არის გაცემული, რაც წლიურად 15%-ით, ანუ 494 მილიონი ლარით არის შემცირებული. ვადაგადაცილებული სესხების მიმართულებით კი 2.78-მილიარდიანი პორტფელიდან 130 მილიონი ლარი განეკუთვნება 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულ კრედიტებს, რაც 4.7%-ის ვადაგადაცილებას ნიშნავს.
ჰოტელიერის დაკვირვებით, რომელიც ამჟამად 9 სასტუმროს მართავს, ტურიზმი პირველი სექტორია, რომელიც ნებისმიერ გეოპოლიტიკურ თუ შიდაპოლიტიკურ ტურბულენტობაზე (ახლო აღმოსავლეთისა და რუსეთ-უკრაინის ომები, პოლიტიკური არასტაბილურობა) მყისიერად რეაგირებს.
- ხშირად მითქვამს - მათ შორის თქვენთანაც, რომ თბილისში დღეს იმაზე მეტი ოთახია, ვიდრე ქალაქს რეალურად სჭირდება. თუ ადრე ინვესტიციის ამოღება 7-8 წელში იყო შესაძლებელი, ახლა ეს ვადა 25 წლამდე გაიზარდა. ამ რეალობას და გაზრდილ რისკებს ბანკები ჩემზე კარგად ხედავენ, რადგან მათ გაცილებით დიდი ინფორმაცია და ანალიტიკური რესურსი აქვთ. საბანკო სექტორი საკუთარ პორტფელს ძალიან კარგად აფასებს და მიმაჩნია, რომ სრულიად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
- ანუ საბანკო სექტორმა მკაფიოდ დაინახა, რომ ბაზარი გაჯერდა და გაიზარდა რისკები?
- დიახ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორად მოიქცნენ. მეორე საკითხია, როდესაც სესხს აძლევ კომპანიას, რომლის ძირითადი საქმიანობა სასტუმრო ბიზნესი არ არის და სხვა, წარმატებული ბიზნესიდან მიღებული შემოსავლით ინახავს ამ ობიექტს. თქვენს გადაცემაშიც არაერთხელ მომისმენია ინვესტორებისგან, რომ დეველოპმენტში სწორედ იმისთვის შევიდნენ, რომ სასტუმროს ვალები გადაეხადათ. ბანკებმა სწორად გააანალიზეს, რომ სასტუმროების ბიზნესი აღარ არის ისეთი, როგორიც, მაგალითად, 10 წლის წინ იყო.
- ანუ საინვესტიციოდ ძველებურად მიმზიდველი ძველებურად აღარ არის?
- ბაზარი გაჯერებულია. გარდა ამისა, ინვესტორებიც და ბანკებიც უყურებენ, რა ხდება ნებისმიერი მცირე ტურბულენტობის დროს. ტურიზმი არის სექტორი, რომელიც პირველი იღებს დარტყმას - იქნება ეს შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა, საპროტესტო გამოსვლები, მეზობელ ქვეყნებში არსებული საომარი მდგომარეობა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი თუ უკრაინაში მიმდინარე ომი. ნებისმიერი ასეთი მოვლენისას, პირველი დარტყმა სწორედ ტურიზმზე მოდის.




























