მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვესმის, რომ თბილისის სტუმარ-მასპინძლობის სექტორი გარკვეულწილად დაზარალდა - ლევან დავითაშვილი

გუდაური

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი წარმატებული იქნება.

„ტრადიციულ და ახალ ბაზრებზე გვექნება აქტიური საკომუნიკაციო კამპანიები, რომელიც უკვე დაგეგმილია და მნიშვნელოვნად გაზრდილია ამ მხრივ ჩვენი დაფინანსება 2025 წელს მარკეტინგული კამპანიების კუთხით. ასევე, მიმდინარე წელსაც, მიუხედავად მოვლენებისა, რომელიც, რა თქმა უნდა, ტურიზმის სფეროზე ნეგატიურად აისახება, მაინც ვაგრძელებთ ჩვენს ღონისძიებებს, მათ შორის ბაკურიანში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამთო – სათხილამურო ტურნირს ვმასპინძლობთ – საქართველოში მსოფლიო თასის ეტაპი ტარდება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციასთან (FIS) ერთად, რაც კურორტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და იქვე ისიც აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურმა კრიზისმა დედაქალაქში ტურიზმის სექტორი დააზარალა.

„გვესმის, რომ თბილისის სტუმარმასპინძლობის გარკვეული სექტორი დაზარალდა. იმედია, ეს მალე გამოსწორდება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

დღესვე, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროში ხვდებია სხვადასხვა ბიზნეს-ჯგუფს, რომელიც დაზარალდა მიმდინარე მოვლენების გამო და მსჯელობენ, როგორ დაეხმარონ ამ სექტორებს.

ამასთან, მიუხედავად გამოწვევებისა, ეკონომიკის მინისტრს მოლოდინი აქვს, რომ 2025 წლისთვის დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა არ გადაიხედება.

„საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ვაჩვენეთ 2024 წელს და მიუხედავად ბოლო ორი თვის შედეგებისა, წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ. მაღალი ეკონომიკური აქტივობა 2025 წელსაც უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური პროცესები განვითარდება გეგმის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ 2025 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა მოგვიწევს... მაღალ ეკონომიკურ ზრდას 2025 წელსაც შევინარჩუნებთ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

"ოცნების" მთავრობა 2025 წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები