ხელოვანი დევიდ ჰოკნი, რომლის ნახატები XX საუკუნის ხელოვნების სიმბოლოდ იქცა, 11 ივნისს გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას მისი პუბლიცისტი ავრცელებს. ხელოვანი 88 წლის იყო.
„ცნობილი ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი, XX და XXI საუკუნეების თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, საკუთარ სახლში 2026 წლის 11 ივნისს, 89-ე დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჰოკნი მიიჩნევა ბრიტანული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ მთავარ ფიგურად და პოპ-არტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად. ის 1960-იან წლებში გახდა ცნობილი; დაიბადა ინგლისის ჩრდილოეთში, თუმცა ცხოვრების უმეტესი ნაწილი სამხრეთ კალიფორნიაში გაატარა, სადაც მზიანი გარეუბნების პეიზაჟები მისი შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ მოტივად იქცა.
მისი ნამუშევრები გამორჩეული სტილით ხასიათდებოდა; ის ხშირად ქმნიდა სიზმრისეულ სცენებს, რომლებიც ადამიანებსა და წყალზე არეკლილ მზის შუქს გამოსახავდა.
„ყოველდღე შთაგონებას ვგრძნობ“, - განუცხადა მან Los Angeles Times-ს 1979 წელს. „ლონდონში ბევრი პირქუში ადგილია, მაგრამ ლოს-ანჯელესში პირქუშს ვერასდროს ვპოულობ“.
მოგვიანებით ის ევროპაში დაბრუნდა და ახალი შთაგონება იპოვა მშობლიური იორკშირის ტყიან გორაკებში, ასევე საფრანგეთში - ნორმანდიის მინდვრებსა და ტყეებში. ის ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული მხატვრად მიიჩნევა და მისი ნამუშევრები აუქციონებზე რეკორდულ ფასებად იყიდება.
მისი შემოქმედებითი გავლენები მრავალფეროვანი იყო - რენესანსის პორტრეტისტებიდან ტერნერამდე, პაბლო პიკასომდე და ამერიკულ პოპ-არტამდე. 1960-იან წლებში მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა იმ ნამუშევრებით, რომლებმაც თანამედროვე პოპ-არტის ფორმირებას შეუწყო ხელი.
მისმა ნამუშევრებმა არაერთხელ დაამყარა სააუქციონო რეკორდი. 2018 წელს ნახატი „მხატვრის პორტრეტი (ბასეინი ორი ფიგურით)“ ნიუ-იორკში Christie’s-ის აუქციონზე 90,3 მილიონ დოლარად გაიყიდა და იმ დროისთვის ცოცხალი მხატვრის ყველაზე ძვირად ღირებულ ნამუშევრად იქცა.
2020 წელს მისი კიდევ ერთი ნამუშევარი — The Splash (1966) Sotheby’s აუქციონზე 23,1 მილიონ გირვანქა სტერლინგად (დაახლოებით 30 მილიონ დოლარად) გაიყიდა. ჰოკნის ნამუშევრები აუქციონებზე რეგულარულად ათობით მილიონ დოლარად იყიდება, სწორედ ამიტომ იგი დღეისთვის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კომერციულად წარმატებულ თანამედროვე ხელოვანად მიიჩნევა.




























