გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მომდევნო 2 წლის განმავლობაში £2.6 მილიარდს დახარჯავს სახლებისა და სხვა ინფრასტრუქტურის წყალდიდობისგან დასაცავად, რაც £250 მილიონით მეტია, ვიდრე გასულ წლებში - ამის შესახებ BBC წერს.
გამოყოფილი ფინანსები ბარიერებისა და კედლების აშენებას მოხმარდება, ნაწილი კი წყალდიდობის გამომწვევ ბუნებრივ მიზეზებთან ბრძოლისთვის დაიხარჯება.
ბრიტანეთის გარემოსდაცვითი სააგენტოს ინფორმაციით, ინგლისში ამჟამად 6.3 მილიონი სახლია, რომელიც დატბორვის რისკის ქვეშაა. კლიმატის ცვლილების გამო, რაც ძლიერ წვიმებსა და ქარიშხალს ახშირებს. 2050 წლისთვის შესაძლოა ეს რიცხვი 8 მილიონამდე გაიზარდოს - შესაბამისად, რამდენიმე წელიწადში ინგლისის ყოველი მეოთხე შენობა წყალდიდობისთვის სარისკო არეალში იქნება.
როგორც სააგენტოს მდივანი, სტივი რიდი BBC-სთან აცხადებს, ხელისუფლების მიზანია, შეაკეთოს წყალდიდობისგან დამცავი სისტემები, რომლებიც წინა მთავრობამ “უკიდურესად ცუდ” მდგომარეობაში დატოვა.
2021 და 2024 წლებში ამავე მიზნით კონსერვატიულმა მთავრობამ £1 მილიარდზე მეტი დახარჯა. გასულ წელს კი საპარლამენტო კომიტეტი შეთანხმდა, რომ წყალდიდობისგან დაცვის არსებული სისტემები კარგ მდგომარეობაში არ იყო, ახლების მშენებლობა კი საკმარისად სწრაფი ტემპით არ მიმდინარეობდა.
მთავრობის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბრიტანეთი წყალდიდობისგან დაცვაში წლიურად £1.3 მილიარდს დახარჯავს. დაფინანსებას ათასზე მეტი პროექტი მიიღებს, დამცავ ინფრასტრუქტურას კი 66 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა გაიუმჯობესებს. შეკეთდება ის სისტემებიც, რომლებიც გასული წლის წყალდიდობის გამო დაზიანდა.




























