დიდი ბრიტანეთი ენერგოტრანზიციის ახალ ეტაპზე გადადის. ქვეყნის მასშტაბით ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავება იზრდება, წიაღისეული საწვავის მოპოვება კი იკლებს. ამასთან, კვლევები ცხადყოფს, რომ წიაღის სექტორში დასაქმებული ადამიანების 90%-ის კომპეტენცია მწვანე ტრანზიციისთვის რელევანტურია.
აქედან გამომდინარე, გაერთიანებული სამეფოსა და შოტლანდიის მთავრობებმა ახალი პროფესიული პასპორტები შემოიღეს, რომლებიც ნავთობისა და გაზის სექტორში დასაქმებულებს სუფთა ენერგიის მიმართულებით დასაქმებაში დაეხმარება. ამასთან, ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობა თითქმის €5-მილიონიან ინვესტიციას გამოყოფს იმისთვის, რომ წიაღის სექტორში დასაქმებული ადამიანები ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისთვის ოთხ მთავარ რეგიონში გადაცხოვრდნენ.
ნავთობისა და გაზის სექტორში დასაქმებულებს “პროფესიული პასპორტების” აღება ციფრულად, ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. ვებგვერდზე ინტეგრირებული ხელსაწყო კი სამსახურების მოძებნაში დაეხმარებათ, როგორც მშენებლობის, ასევე მონიტორინგისა და საოპერაციო მიმართულებებით. კერძოდ, ხელსაწყო დასაქმების მსურველებს უჩვენებს, მათი კომპეტენცია რომელ მწვანე პროექტს ერგება ყველაზე მეტად.
შოტლანდიის მთავრობის €4.3-მილიონიანი დაფინანსებით, პროფესიული დოკუმენტები მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გამოიცემა.
გაერთიანებული მთავრობის მიზანია, 2030 წლისთვის მისი ელექტროენერგიის 95% მწვანე რესურსებიდან გენერირდებოდეს. სწორედ ამიტომ, 4 რეგიონი, რომლებიც მთავრობამ სექტორის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნია, €1-მილიონიან დაფინანსებას მიიღებენ მწვანე პროექტების განხორციელებისთვის.