დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად £17 მილიონს ($22.4 მლნ.) გამოყოფს.
როგორც ცნობილია, ობიექტის დამცავი საფარი და სავენტილაციო სისტემა გასულ წელს რუსული დრონების იერიშის შედეგად დაზიანდა.
აღსანიშნავია, რომ გამოყოფილი თანხა საერთაშორისო პროგრამის შემადგენელი ნაწილი გახდება, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) უკრაინის ხელისუფლებასთან და G7-ის ქვეყნებთან თანამშრომლობით დააკოორდინირებს. პროგრამა კომპლექსის ბირთვული უსაფრთხოების ფუნქციების სრულფასოვან აღდგენას უზრუნველყოფს.
როგორც ირკვევა, ეს დაფინანსება დამცავი კონსტრუქციის იზოლაციის ფუნქციების აღდგენასა და ობიექტის საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივებას მოხმარდება. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, დაუყოვნებელი ჩარევის გარეშე კოროზიამ შესაძლოა მრავალწლიანი საერთაშორისო ინვესტიციები გაანადგუროს, რაც გრძელვადიან ეკოლოგიურ და უსაფრთხოების რისკებს გაზრდის.
























