გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ისა და ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-ის მრჩევლის როლზე აირჩიეს.
სუნაკი, რომელიც კვლავ რჩება ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატის პოსტზე, აცხადებს, რომ "აღფრთოვანებულია მსოფლიოს ორ წამყვან ტექნოლოგიურ ფირმასთან" თანამშრომლობით და გეგმავს, რომ მიღებული შემოსავალი შესწიროს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც თვითონვე დააფუძნა.
ბრიტანულმა მარეგულირებელმა, ბიზნეს საკონსულტაციო კომიტეტმა (Acoba) სუნაკს განუცხადა, რომ ექსპრემიერს აღნიშნული კომპანიების სახელით მინისტრებთან ლობირების უფლება არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ თავისი პრემიერობის განმავლობაში, რიში სუნაკმა ტექნოლოგიური სფეროს რეგულირებას განსაკუთრებული პრიორიტეტი მიანიჭა და 2023 წელს AI-ის უსაფრთხოების სამიტიც დააფუძნა.
Acoba-ს მიერ სუნაკისთვის გაგზავნილ წერილში Microsoft-ში პოლიტიკოსის როლი აღწერილია, როგორც გეოპოლიტიკურ ტენდენციებზე "მაღალი დონის სტრატეგიული პერსპექტივის" უზრუნველყოფა. მარეგულირებელი ასევე აცხადებს, რომ ექსპრემიერის მიერ დაკავებული მრჩევლის საქმიანობა Anthropic-ში, რომელიც OpenAI-სა და Google-ის მსგავს კომპანიებს უწევს კონკურენციას, " შიდა ანალიტიკური ცენტრის სახით მუშაობის" მსგავსი იქნება.
Acoba-ს გამაფრთხილებელ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ Anthropic-ი გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო პოლიტიკითაა დაინტერესებული და არსებობს რისკი, რომ მრჩევლის როლზე სუნაკის დანიშვნა კომპანიას უსამართლო გავლენას მისცემს; მარეგულრების თქმით, იგივე შეიძლება ითქვას Microsoft-ზეც, რომელიც ბრიტანეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.
ამ ორი კომპანიის გარდა, უკვე დადასტურებულია, რომ რიში სუნაკი ბანკ Goldman Sachs-ის მრჩევლადაც ინიშნება.




























