მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის მშპ ბოლო 18 თვის განმავლობაში რეკორდულად, 1.6%-ით გაიზარდა

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 2026 წლის ივლისში, წლიურ ჭრილში, 1.6%-ით გაიზარდა. ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ზრდის ტემპმა ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ 1.2%-იან ნიშნულს გადააჭარბა. ივლისში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თვიურ ჭრილში 0.4%-ით გაიზარდა, მაშინ როცა Reuters-ის გამოკითხული ექსპერტები ნულოვან ცვლილებას ელოდნენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეკონომიკურ აქტივობას მთავარი ბიძგი მომსახურების სექტორმა და კომპიუტერულმა პროგრამირებამ მისცა. უწყების ეკონომიკური სტატისტიკის დირექტორის, ლიზ მაკკეუნის განცხადებით, პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მომუშავე კომპანიებზე ხელოვნური ინტელექტის ბუმმა დადებითი გავლენა იქონია. ამას გარდა, ცალკეული საწარმოების შემოსავლების მატება მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატმა და უჩვეულოდ ცხელმა ამინდმაც განაპირობა.

ქვეყნის ფინანსთა ახალმა მინისტრმა, ჯონ ჰილიმ ეკონომიკური მაჩვენებლები დადებითად შეაფასა, თუმცა არსებულ ზრდას "მყიფე" უწოდა.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველ ნახევარში ბრიტანეთის ეკონომიკა 1%-ით გაიზარდა, რითაც ქვეყანამ „დიდი შვიდეულის“ წევრებს შორის ყველაზე სწრაფი ტემპი დააფიქსირა. ამას გარდა, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, 20-წლიანი შემცირების შემდეგ ქვეყანაში შრომის ნაყოფიერების აღდგენის ხანგრძლივი პროცესი დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები